"უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია"
საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რისი დასტურიცაა საქართველოს პოზიციონირება უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში, სადაც საქართველო განუხრელად უერთდება უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებულ და კონსოლიდირებულ პოზიციას.
როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივებას და აფასებს მისიის საქმიანობაში ეუთო-ს თავმჯდომარეობის წვლილს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებულ მისიაში საქართველოდან 30-ზე მეტი დამკვირვებელი მონაწილეობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონურ მხარეს საერთაშორისო პერსონალის, მათ შორის, ქართველი დამკვირვებლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო და უკრაინა დღეს საერთო გამოწვევების წინაშე დგანან და საქართველო იყოს პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს აგრესია განხორციელდა.
„ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის