დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა - "ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა"
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩილმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს დასაცავად.
"დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები.
ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხთაგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.
„დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. იგი 39 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, დამნაშავეები, რომლებმაც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღეს მონაწილეობა, დღემდე რეალურად დაუსჯელნი არიან. სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, რათა დასრულდეს ოკუპაცია და სათანადო პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონობას სჩადიან.
ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი უკანონობის დადასტურებისა თუ დამტკიცების მცდელობა, როცა დე ფაქტო რეჟიმისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გააკეთეს განცხადებები. ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამ უკანონობის დასასრულებლად და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და ჩვენი გმირების სიცოცხლე, მათი დაღვრილი სისხლი, იქნება საფუძველი, გარანტი იმისა, რომ მომავალში ოკუპაცია აღარასდროს განმეორდება და თაობები გაიზრდებიან ამ გმირობების მაგალითზე. ის თაობები, რომლებიც აუცილებლად დამოუკიდებელ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი