"მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ბრალდების შესახებ"
''დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! - ჩვენ, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ,'' - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რომელიც საქართველოში მღელვარების გამოწვევასა და მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული.
„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს!
აქვე ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა!
საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.
ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ.
სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.
ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით „ომის პარტიას“ და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.
საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი