''უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?!'' - ალეკო ელისაშვილი
რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! - ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც უკრაინაში იმყოფება.
აღნიშნულით მან პრემიერის განცხადება შეაფასა, რომ ომით თუ ვინმე დაიჩაგრა და დაისაჯა, ეს უკრაინაა.
როგორც ელისაშვილი განმარტავს, პრემიერის ეს განცხადება სამარცხვინოა.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას პრემიერის მსგავსად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს, საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომს თავიდან ვერ აირიდებდა.
„ეს არის სამარცხვინო განცხადება პოლიტიკურად, ადამიანურად და სახელმწიფოებრივადაც! რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ, უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! წავიდა და ომში გავარდა?! კარგი, ღარიბაშვილი სააკაშვილს ვერ იტანს, ვერც მე ვიტან ამ სააკაშვილს, მაგრამ თავიდან ვერ ავირიდებდით ჩვენ მაშინ იმ ომს. ყირიმის, დონბასის და ამ მოვლენებმაც დაადასტურა. მთელი მსოფლიო იყო პუტინთან სასაუბროდ ჩასული, რომ აეხსნათ, ნუ დაესხმები თავს, თუმცა მაინც დაესხა. ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია. ღარიბაშვილის ლოგიკაა, რომ იაპონია, ფინეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დაიჩაგრა რუსეთთან მიმართებაში. ყველა დამნაშავე ვართ რუსეთთან, რუსეთი მართალია.
გამოდის, რომ ჩვენ ვავიწროებთ რუსეთს, ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ არ ჰყოფნის თავისი მიწა-წყალი და ყველა ვჯიჯგნით. ეს არის ღარიბაშვილის ლოგიკა?! რუსეთივით სამარცხვინოა ღარიბაშვილის განცხადება. რას ჰქვია დაიჩაგრა?! ზელენსკი უღიტინებდა? ზელენსკიმ წაართვა ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი?! ზელენსკიმ დაიწყო კიევის დაბომბა, თუ როგორ არის ეს ამბავი?! ქართველებს ჩვენი ხელისუფლების გვრცხვენია. არ ვიცი რა გავაკეთოთ. მე ვეუბნები, რომ ქართველი დეპუტატი ვარ, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი. სიმართლე გითხრათ, ამას არ იჯერებენ. ყველაზე მეტი მოხალისე ქართველი მეომარია. სასწაული სახელი აქვთ ქართველ მეომრებს. დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რატი ბურდულს ორდენი გადასცა გმირობისთვის. ძალიან დიდი სახელი აქვთ ქართველ მეომრებს! მეც რა მრჯის? ცოლი, შვილები მყავს და ყველაფერი დავტოვე, პატარა ბავშვივით გამოვიპარე. დილით უთენია ავდექი და ვუთხარი ცოლს, ტყეში კარვით მივდივარ-მეთქი, გადავიკიდე ზურგჩანთა... ის მრჯიდა, რომ რუსეთმა აქ თუ არ დაიჩოქა, ყველას და ყველაფერს გადაუვლის! რუსეთი თუ აქ საერთო ძალისხმევით დავამარცხეთ, მაშინ აფხაზეთის, ცხინვალის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაც გაიოლდება. ნუთუ, ეს არ ესმით ჩვენს ხელისუფლებაში?!“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, ელისაშვილი დასძენს, რომ ბრიყვი, ან უკიდეგანოდ სამარცხვინოა ის, ვინც საყვედურობს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილა.
„რომელი ქართველიც ამბობს, რომ ზელენსკიმ გაიმეტა თავის ქვეყანა და დაანგრევინა, ან ბრიყვები არიან, ან საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე, არც ისტორია იციან, არც პოლიტიკის გაეგებათ, პრორუსები არიან. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხს შევკრებდი, ერთ ეშელონში ჩავსვამდი და რუსეთში გავუშვებდი. იცხოვრონ იმ ამაზრზენ ქვეყანაში. მე ერთი ადამიანი არ მინახავს, რომელიც ძვირს ამბობს ზელენსკიზე. ალბათ, ჩერჩილის გარშემო იყვნენ ინგლისელები დარაზმულები, როდესაც 10 თვე მარტო იგერიებდა ბრიტანეთი გერმანიას. დღეს ასეთი კონსოლიდაციაა. ღმერთო, ასეთი კონსოლიდაცია მანახე საქართველოში ოდესმე რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გარშემო. კრიზისები არ გვინდა, კონფლიქტები და ომები საკმარისად გვქონდა. ყველა ამბობს, რომ უნდა გავიმარჯვოთ, ბრძოლა გამარჯვებამდეა. ვის უნდა უსაყვედურონ? პატარა ბავშვებს რომ აუპატიურებენ და შემდეგ ხელ-ფეხ შეკრულებს ხოცავს და აწამებს?! ბრიყვი, ან უკიდეგანოდ სამარცხვინოა ის, ვინც საყვედურობს ზელენსკის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილა “,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, მან რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია გაფარჩაკდა და „ძირითადად ჩანჩურებისგან დაკომპლექტებული ჯარი ჰყავს“.
„ჩვენთან ხომ შეპყრობილი შიშია - „რუსის ჯარი!“ მაგათ ვინ მოერევა?!“ „ვანიას ვინ დაამარცხებს?!“ - ვინ დაამარცხებს კი არა, ნახეთ, რა მოუვიდათ, რუსეთის არმია გაფარჩაკდა კიევსა და ხარკოვში! ნახეთ, მარიუპოლში როგორ იბრძვიან. დაიმსხვრა მითი, რომ რუსეთი შემოგესევა და რაკეტას გესვრის, ისეთი ავიაცია ჰყავს... აღმოჩნდა, რომ დაჟანგებული, კორუფციისგან გამოხრული, ძირითადად ჩანჩურებისგან დაკომპლექტებული ჯარი ჰყავს, რომელმაც ვერცერთ რეალურ საბრძოლო მიზანს ვერ მიაღწია“,- აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.
გარდა ამისა, მან უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, პირდაპირ ეთერში საუბრისას განგაშის სიგნალი ჩაირთო, რაც ბოლო დღეებში კიევში იშვიათად ისმის.
„როდესაც პატრულირებაზე დავდიოდი, დავინახეთ, რომ სამოქალაქო პირი იყო მაღაზიაში შესული და გავაჩერეთ. ასეთი შეშინებული ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. როდესაც იარაღით და ფორმით დაგვინახა, ეგონა, რომ მოვკლავდით. რუსები ირპენს მიწასთან ასწორებდნენ მარტო იმიტომ, რომ დაკარგეს. ბოღმისგან და დაუნდობლობისგან სახლები მიწასთან გაასწორეს“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, მან გაიხსენა, „როგორ ჯიჯგნიდნენ ცხოველები ცხედარს, მათ კი უფლება არ ჰქონდათ ესროლათ“.
„თურმე იჯდა რუსი სნაიპერი და გამვლელებს ხოცავდა. პირდაპირ ვხედავდით მოკლულ კაცს, მისი ცხედარი ქუჩაში ეგდო. ძაღლები ჯიჯგნიდნენ. არ გვქონდა უფლება, რომ ძაღლებისთვის გვესროლა. ვერც ვეკარებოდით, რომ დაგვემარხა. 24 საათი ვუყურებდით, როგორ ჯიჯგნიდნენ ცხოველები ცხედარს“, - აღნიშნავს ელისაშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი