"რუსმა ჯარმა თავისუფლების მოყვარულ ხალხს, რუსთაველის გამზირზე, ჯოჯოხეთი მოუწყო" -მაკა ბელქანია 9 აპრილის ტრაგედიაზე

დღეს, 9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.

 

9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც. თუმცა, 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

 

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

აღნიშნული მოვლენა Firstnews.ge-თან საუბარში იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა”იბერიას”ორგანიზატორმა, "პრესქულის” ხელმძღვანელმა მაკა ბელქანიამ შეაფასა.

 

"9 აპრილი იყო და იქნება უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. სწორედ 9 აპრილის მოვლენებმა და ტრაგიკულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ არსებული რეჟიმი უნდა დასრულებულიყო და გაეგრძელებინათ უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 9 აპრილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რის ფასად შეიძლება მოიპოვო თავისუფლება. ეროვნული მოძრაობის დაწყება საქართველოში დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობა საზოგადოების მხრიდან არასწორი იქნებოდა. საზოგადოება საჭიროებდა მეტ ცოდნასა და მზაობას ბრძოლის დასაწყებად,"- აცხადებს მაკა ბელქანია.

 

მისივე თქმით, როდესაც იწყება რაღაცა ახალი, მას ყოველთვის თან ახლავს შეცდომები.

 

"ვფიქრობ, იმდროინდელი ხელისუფლების გულგრილობამ ერი ტრაგედიამდე მიიყვანა. ხელისუფლება ვალდებულია თავიდან ააცილოს საკუთარ ხალხს მოსალოდნელი საფრთხე, რაც ვერ, ან არ შეძლო სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ. სამწუხაროდ, თავისუფლების მოყვარულ ხალხს, ახალგაზრდებს, ქალებს რუსმა ჯარმა ჯოჯოხეთი მოუწყო და საკუთარი ხელწერა დატოვა თბილისში რუსთაველის გამზირზე,"- აღნიშნა მაკა ბელქანიამ ჩვენთან საუბარში.

წაკითხვა 1192 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 09 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.