''დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, გამიზნულია მისი ხალხისთვის, თუმცა უკრაინას ასევე სჭირდება იარაღი, რომლითაც უნდა იბრძოლოს'' - ანდრეი კასიანოვი

დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, გამიზნულია მისი ხალხისთვის, თუმცა უკრაინას ასევე სჭირდება იარაღი, რომლითაც უნდა იბრძოლოს. მადლობელი ვართ, რომ ომის 50-ე დღეს უკრაინა მიეწოდება მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, რომელიც ჩვენს სამხედროებს ასე სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.

კასიანოვის თქმით, უკრაინასთან ერთად, საქართველომაც რუსეთთან ეკონომიკური კავშირის ჩასანაცვლებლად სხვა ალტერნატიული ბაზრები უნდა მოძებნოს.

„სანქციების ეფექტი ისე სწრაფად არ მოდის, როგორც მოსალოდნელი იყო. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის - ომი შეეხება არამხოლოდ საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ ზეგავლენას იქონიებს მსოფლიო კვების ბაზრებზე. უკრაინამ სრულად შეწყვიტა ეკონომიკურ-სავაჭრო კავშირი რუსეთთან. საქართველოს ასევე ესმის, რომ რუსეთის ბაზარი ტოქსიკურია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ სხვა ბაზრები ჩვენი პროდუქტისთვის და მოვნახოთ ახალი შესაძლებლობები რუსული საქონლის შესაცვლელად.

ამ ომით რუსეთმა შავ ზღვაში გადაზიდვები დაბლოკა. ზარალდება არამხოლოდ უკრაინა და საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, რადგან ჩვენ ექსპორტის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ ვებრძვით მტერს ხმელეთზე, თუმცა მან დაბლოკა ზღვა და ახლა მთავარი პრიორიტეტი არის ზღვის განბლოკვა. ყველამ უნდა იმოქმედოს.

რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შედეგად, უკრაინას უზარმაზარი ზარალი მიადგა. უკრაინის ყველა რეგიონში ვხედავთ განადგურებას. ხალხის დიდმა რაოდენობამ იქაურობა დატოვა. კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი უნდა აღდგეს. ამას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ჩვენი პარტნიორები და აშშ-ც ხვდებიან. ასევე ვიცით, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი შეიქმნება.

ახლა მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი - ისინი, ვინც დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ძალადობასა და სისასტიკეს უჭერენ მხარს და ისინი, ვინც იცავენ და მხარს უჭერენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს - გაცილებით მეტი სწორედ ასეთი ქვეყანაა და ამ ხალხმა იცის რა არის ღირსება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილს მივეკუთვნებით. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!“, - განაცხადა კასიანოვმა.

წაკითხვა 268 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.