ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯიქიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქი აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე პოლიციის ათასბინიანი ქალაქი აშენდება.
მისი თქმით, პოლიციელები 1 კვადრატულ მეტრს 100 დოლარად მიიღებენ, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პოლიციის ყველა არსებულ შენობას და აშენდება ახალიც.
„ჩემი დიდი სურვილია და ბატონ მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. პროექტს დავიწყებთ ამ წელს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია - ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა, რომელიც სხვა ადგილზე იქნება გადატანილი. აშენდება პოლიციის ქალაქი, როგორც ავაშენეთ ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს, ჯარის ათასბინიანი ქალაქი, რომელიც ჯარისკაცებს სექტემბერში ჩაბარდება. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის - 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ლარში ჩვენი პოლიციელები. დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს დამატებითი მოტივაციის მიმცემი პოლიციელებისთვის. ჩვენი ვალია დავუფასოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის თავს წირავს.
გარდა ამისა, იგეგმება პოლიციის ყველა შენობის გარემონტება, განახლება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან სტანდარტში მოყვანა. ასევე, სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში. ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ. ასე რომ, ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოვაქცევთ. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის რეგიონებშიც, პოლიციის ახალი შენობები და ბაზები აშენდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 300-350 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე, თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ე.წ. მუხროვანის ბაზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იქნება.
გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, თბილისში კადეტთა ლიცეუმი აშენდება.
„თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე პროექტიც მინდა გამოვყო. პირველი, ეს არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა. გვინდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იყოს ე.წ. მუხროვანის ბაზა. დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი. დაიწყება წელსვე და მომდევნო 2-3 წელიწადში დასრულდება. გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ბაზა.
ასევე გვინდა კადეტთა ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ. ერთი ლიცეუმი ქუთაისშია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. გვინდა ანალოგიური ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი.
ასევე გვინდა აქტიური მუშაობა დავიწყოთ სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი