ანა ნაცვლიშვილის პასუხი ირაკლი კობახიძეს
"ლელოს" საპარლამენტო გუნდის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ საჯაროდ გააკეთოს ჩამონათვალი, თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად და სანქციებთან მიმართებაში.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო შეფასება აქვს გასაკეთებელი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ნაცვლიშვილის თქმით, სწორედ ამ საკითხზე "ლელოს" მიერ მომზადებული რეზოლუციის მიღება ხელოვნურად არის შეფერხებული.
„1. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", დაიწყოს ამ რეზოლუციაზე მსჯელობა და შეფასება იქნას მიცემული პარლამენტის მხრიდან უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ამავე რეზოლუციაში არის რამდენიმე ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ომის და საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირების, მიავლინოს სპეციალური მისია, დახმარების კუთხით, იმუშაოს ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით.
2. უხერხულია და სამარცხვინო, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ უნდა ვთქვათ - შეწყვიტონ თავდასხმები ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებაზე და ცალკეული მაღალი თანამდებობის პირებზე და ნორმალური კომუნიკაცია დაამყარონ უკრაინის სახელმწიფოსთან.
3. პარლამენტის თავმჯდომარემ, როცა ჩვენ ერთად ვიყავით ჩასული კიევში, ბუჩასა და ირპენში, გააკეთა განცხადება, რომ საქართველო არასდროს გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის შავი ხვრელი, ასეთი მანამდე ვერ მოვისმინეთ და გვესმოდა საპირისპირო პრემიერ- მინისტრისგან. სამარცხვინოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეჭვის ქვეშ აყენებს დასავლური სანქციების ეფექტურობას, გასაგებია, რომ საქართველო თავად ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ვერ აწესებდეს სანქციებს, მაგრამ იმის შესრულების კონტროლი უნდა ხდებოდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა. დღეს არსებობს თუ არა მყარი გარანტიები იმისა, რომ საქართველო არ არის ან არ გახდება შავი ხვრელი, დაცულია თუ არა საქართველო ამისგან, ამასთან მიმართებით პარასკევს ჩვენ ველოდებით პრემიერ- მინისტრს, კონკრეტულად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუმცა მანამ სანამ ის მოვა, უნდა გამოიგზავნოს წერილობითი პოზიცია, რომელიც ჩვენ არ მიგვიღია," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე