''საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და აბსოლუტურად გასაგებია, რომ სურს ევროპის სრულუფლებიანი წევრობა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს'' - სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას განცხადებით, საქართველოსა და იტალიას შორის არსებობს საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობის ისტორია ყველა თვალსაზრისით, ურთიერთობა, რომელიც ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული და რომელიც ყოველთვის ვითარდება.

სერჯო მატარელას თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იტალიაში ვიზიტიც სწორედ ამას ასახავს.

 

„ჩემთვის, იტალიის რესპუბლიკისთვის დიდი პატივია, რომ გვესტუმრა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. პირადად ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ სასახლეში მივიღო იგი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი მასთან და დელეგაციის წევრებთან, იმისთვისაც, რომ საქართველოსა და იტალიას შორის არსებობს საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობის ისტორია ყველა თვალსაზრისით, ურთიერთობა, რომელიც ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული და რომელიც ყოველთვის ვითარდება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი სწორედ ასეთი ფაქტი გახლავთ. მახსოვს ჩემი ისტორიული ვიზიტი საქართველოში. ეს ვითარება გვაძლევს საშუალებას, დიდი ზეიმით აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი. პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ – 1992 წელს, ეს 30 წელი აღნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან გაღრმავებულ ურთიერთობას“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტის განმარტებით, თბილისსა და რომს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია.

„ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორივე ვემყარებით, ანუ ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება. მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას თითქოს უნდა, ხაზი გაესვას პრობლემის ძალისმიერ გადაჭრას, ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

სერჯო მატარელას თქმით, იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.

აქვე, მან განმარტა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და აბსოლუტურად გასაგებია, რომ სურს ევროპის სრულუფლებიანი წევრობა.

„საქართველოს მრავალათასწლიანი, საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მიმართებას“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

სერჯო მატარელამ ასევე ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და იტალიას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე.

„შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში – ეს უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას, რადგანაც ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ამავე დროს მისი ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივ ურთიერთობა – ეკონომიკური, კულტურული, რომელიც უფრო გაღრმავდება სხვადასხვა სექტორში, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით. ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარში ჩვენ ხაზი გავუსვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, განსაკუთრებით, ურთიერთობის გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის, ჩვენს სტუდენტთა გასვლას, პროფესორთა გასვლას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მისიები საქართველოში, რომელიც გახლავთ იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაცნობის საფუძველი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის მეგობრობა, რომელსაც ჩვენ ხაზი გავუსვით ქალბატონი პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზიტის დროს. ესაა ურთიერთობა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება“, – განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

წაკითხვა 229 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.