რუსები საქართველოში - შესაძლო ინციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა

“უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა.

ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლატვიამ და ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისათვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსები საქართველოში - შესაძლო ონციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა.

 

“რაც შეეხება საქართველოს, კოვიდამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაცილებით მციმე რაოდენობაა შემოსული. ხელისუფლების წარმომადგენელთა და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი ამ მონაცემების ინტერპრეტირებას სხვაგვარად ახდენს - წელს საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა უკვე საქართველოს მოსახლეობის 10%-ს უტოლდება, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ გამკაცრდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭება და ეკონომიკური საქმიანობის უფლების მიცემა. 3 აგვისტოს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 14 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა. თავდაპირველად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მიზეზით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსი ვიზიტორების მზარდ რაოდენობას მოჰყვა. საქართველოს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანაში “ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის” თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთმა პირველმა სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მოითხოვა და მას შემდეგ საკითხი დღის წესრიგში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა. მარტის დასაწყისში, რუსეთთან მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმაც, რომელიც 29 ასოციაციას აერთიანებს. პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის და ამ საკითხზე “ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანია მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული” და “ეს რა თქმა უნდა, არის ქსენოფობია, ეს არის შოვინიზმი”, - დასძენს გამოცემა.

 

“კობახიძის შეფასებებს ოპონენტების მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. “ქართული ოცნების” სტანდარტით, ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი - კარგი ტონი”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს. ის ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას ძალიან ცოტა დრო აქვს, რადგან არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა 20%-ზე ბევრად მეტ ტერიტორიას დაკარგავს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების დიდი ნაწილი არიან არა ტურისტები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს გამოქცნენ. საქართველო კი მათთვის მეტ-ნაკლებად ევროპული სტილის ქვეყანა, სადაც იმ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, რომელიც რუსეთში დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ აქვთ. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტის რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მცირეც კია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბევრი რუსია შემოსული, არასწორია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“რუსების უმრავლესობა აქ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს გამო არის ჩამოსული. რეჟიმს გამოქცეული ხალხის რაოდენობა აქ დიდი არ არის. ძირითადად მოდიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში სანქციების გამო შექმნილ პრობლემებს გაურბიან. არიან ასევე ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც უკარინაში ომში გაწვევის ეშინიათ. ამიტომ, ვიდრე ომი არ დასრულდება, ისინი აქ ყოფნას აპირებენ… სანამ საბანკო სისტემებზე შეღუდვები არ მოიხსნება, ეს ხალხი აქ დარჩება. პუტინის რეჟიმს არ გაურბიან, ესენი არიან კარგ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი, რომელთათვისაც საქართველო ევროპის ალტერნატივაა. ვიდრე კანონს არ შევცლით და პოლიტიკური სპექტრი მოქმედებაზე არ გადავა, ლაპარაკს აზრი არ აქვს. ოპოზიციას მოვუწდებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანონ, რომელიც იმ სიტუაციის დარეგულირებას უზრუნველყოფს, რომელიც მათ ასე აღიზიანებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“რუსების გამომწვევ ქმედებებზე საუბარი ცოტა გადამეტებული მეჩვენება. წელს სად არ ვიყავი და რამდენი რუსიც შემხვდა, ყევლა ზრდილობიანად და მორიდებულად იქცეოდა. არ ვიცი სად ნახულობენ რუსებს, რომლებიც აგრესიულები არიან, მაგრამ ქართველებისაც მესმის, რომ რუსების სიყვარულს ვერ ვაიძულებთ და ეს შიშიც ბუნებერივია. ის რაოდენობა, რაც მარტიდან საქართველოში შემოვიდა, სხვა წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუნდაც 2019 წლის, უფრო ნაკლებია, ამიტომ არ არის დიდი და საგანგაშო. თუნდაც ბინების ყიდვის მხრივ არ არის იმ რაოდენობის, რაც გასულ წლებთან შედარებით იყო. ამიტომ ეს ისტერიკა არ მგონია სწორი იყოს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უნდა მოხდეს რუსების მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა. გაკონტროლდეს ის ბიზნესები, რომელიც აქ, საქართველოში რეგისტრირდება. დანარჩენი, ტურისტების შემოსვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, ქართველები ამით ეკონომიკურ სარგებელს ნახულობენ და ეს ხალხი უკან სახლში დაბრუნდება. ვიმეორებ, უნდა გაკონტროლდეს ის ხალხი, რომლებიც აქ დარჩენას მოისურვებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

წაკითხვა 279 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.