''თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას'' - სტოლტენბერგი
სტოლტენბერგი “ომის კრიტიკულ ფაზაში" შესვლას აანონსებს – “რუსეთმა შეიძლება გარისკოს აგრესია სხვა მეზობლებზე და ნატო-ს მოკავშირეებზეც კი”
“ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, დასავლეთი ზამთრის ომისთვის უნდა მოემზადოს და მიზნის მიღწევამდე არ შეჩერდეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლო პოტენციალი უკვე გაათანაბრეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფებისთვის უკვე კონტრშეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ, კრიტიკულ პერიოდში კი სწორედ ეს მოიაზრება. რაც შეეხება ზამთარში ომის წარმოებას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ დროს რამდენიმე პრობლემა წარმოიშვება ხოლმე, როგორც კლიმატური პირობების, ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის გამძლეობის თვალსაზრიით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტოლტენბერგი “ომის კრიტიკულ ფაზაში" შესვლას აანონსებს – “რუსეთმა შეიძლება გარისკოს აგრესია სხვა მეზობლებზე და ნატო-ს მოკავშირეებზეც კი”.
“ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი “კრიტიკულ ფაზაში შედის” და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება. “ზამთარი მოდის და რთული იქნება. მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და მძიმე მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას, მაგრამ, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ”, - წერს სტოლტენბერგი “ფაინენშელ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი თქმით, დასავლეთი ბევრად უფრო მაღალ ფასს გადაიხდის, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროში და ფუნტებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით და ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში”, - წერს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა, შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი”, - განაგრძობს გამოცემა.
“ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნის რუკიდან წაშლა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული უკრაინის 20 პროცენტი, რაც ოთხჯერ აღემატება ბელგიას, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ნახევარია. ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი. წინ რთული დრო გველოდება, მაგრამ სირთულეების წინაშე ადრეც ვმდგარვართ. ჩვენი ფასეულობების არდაცვის საფასური ყოველთვის უფრო დიდია. უკრაინის და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა, რომლის აზრით, წინ რთული დროა, მაგრამ უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის აუცილებელია ზამთრის ომისთვის მომზადება და საქმის ბოლომდე მიყვანა”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, კრიტიკული ფაზა ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყო, თუმცა, მისი პროგნოზით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომი მალე დასრულება. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლო პოტენციალი უკვე გაათანაბრეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფებისთვის უკვე კონტრშეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ. ნატოს გენმდივანი სწორედ ამას გულისხმობდა, რომ კრიტიკული ეტაპი დაიწყო. თუმცაღა, ის, რომ კრიტიკული ეტაპი დაიწყო, ეს არ ნიშნავს, რომ ომი მალე დასრულდება. იმედია, რომ ომი მართლაც მალე უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ ჩემი აზრით, სულ მცირე 2-3 წელი მაინც გაიწელება. კრიტიკული ნაბიჯი ისაა, რომ უკრაინელებმა ტაქტიკურიდან ოპერატიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს, სტოლტენბერგის ფრაზა სამხედრო ტერმინოლოგიით ამას ნიშნავს”, - თქვა ექსპერტმა, რომლის შეფასებით ზამთარში ომის წარმოებას რამდენიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ზამთრის პერიოდში გარკვეული შეფერხებები და პრობლემებია, პირველ რიგში ეს ზამთრის ტანსაცმლის პრობლემაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების 700 ათასიანი არმიისთვის ზამთრის ეკიპირება არცთუ ისე იოლი იქნება, უკრაინამ ნატოს ქვეყნებს 200 ათასი სამხედრო მოსამსახურის ზამთრის ეკიპირება მოსთხოვა. წვიმები დაიწყება, იქნება ნისლიანი დღეები, რაც ავიაციის ხილვადობასა და მათ შორის დრონების გამოყენების ეფექტურობას კიდევ უფრო შეზღუდავს. აქ უკვე კლასიკური ტიპის საბრძოლო მოქმედებების ელემენტები წავა, როგორიცაა სამხედრო-სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების და მაკორექტირებლების გაგზავნა და ა.შ. ეს დასავლური სამხედრო ტექნიკის გამოწვევა იქნება, რომ ასეთ კლიმატურ პირობებში ადაპტირებას რამდენად შეძლებენ. უკრაინელები ახლა ცდილობენ, რომ შემოდგომის ეს მშრალი და მზიანი დღეები გამოიყენონ. ჩემი პროგნოზი გამართლდა - უკრაინელები ხარკოვის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ, რუსები ამას არ მოელოდენ. ასეთი აზრი მრჩება, რომ ხერსონის დაანონსება, უკრაინელების მხრიდან ერთგვარი თვალების ახვევა იყო, რეალურად საკვანძო სტრატეგიული წერტილი სწორედ ხარკოვის მიმართიულება იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მაისაიამ სტოლტენბერგის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომ დასავლეთი იხდის ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის, მაგრამ, ის გამოხატულია დოლარებსა და ევროებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით და ნატოს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ევროპის გულში დემოკრატიულ ქვეყანას მხარი დაუჭიროს. “სტოლტენბერგს საბრძოლო პოლიტიკურ ფასზე აქვს საუბარი. ნატოს წევრი სახელმწიფოები ასეთი ტიპის აგრესიისთვის მზად არ იყვნენ, ისინი თვლიდნენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა და დღეს უკვე მოსკოვი ბალტიისპირეთს, მოლდოვასა და საქართველოს ემუქრება. უკრაინა ამ ფასს ადამიანების სიცოცხლის სახით იხდის, ხოლო ნატო სამხედრო-პოლიტიკურ ფასს იხდის”, - ამბობს მაისაია. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე წერს, უკრაინაში ტემპერატურამ კლება დაიწყო, ღამით ფრონტის ხაზზე 7-8 გრადუსია და რუსული ლოჯისტიკური კრიზისის ფონზე, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული ნაწილებისათვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“რუსეთი ჩრდილოეთ კორეისაგან საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების შეძენას იწყებს. ჩრდილოეთ კორეა არტილერიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის. მას რესურსები ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალი აქვს და სანქციებისაც ნაკლებად ეშინია. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ჩართვა რუსეთის შეიარაღების პროცესში დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მობილიზაციის პროცესში კიდევ უფრო მწვავე აუცილებლობას შექმნის. ამასთან, არც ჩრდილოეთ კორეის რესურსებია ამოუწურავი - სადაც რუსეთს დაეწყო დეფიციტი იქ ჩრდილოეთ კორეაც ვერ გაიღებს უწყვეტად. დიდი რაოდენობით პოლონური თვითმავალი არტილერია “კრაბები” შეედინება უკრაინის მხარდასაჭერად. პრაქტიკულად ამას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება უკრაინას სხვადასხვა, ნაკლებად აქტიურ მიმართულებაზე”, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კობერიძე.
“ბრიტანელების მიერ, ინგლისში მაღალ დონეზე ურბანული ბრძოლებისათვის გაწვრთნილი და თანამედროვე იარაღის მცოდნე სამხედრო ნაწილები თანდათან სრული მასშტაბით ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებაში. პრაქტიკულად სექტემბრის პირველი კურსდამთავრებულები ახალი ბრიგადებით გამოჩნდებიან ფრონტზე. თუმცა გაჩნდა ვარაუდი, რომ ბრიტანელების მიერ მომზადებული ძალები უკვე მონაწილეობენ შემტევ ოპერაციებში. იგორ გირკინი ფიქრობს, რომ ომის ასეთი მიმდინარეობით რუსეთი ომს სრული მარცხით დაასრულებს. გირკინი დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი სამხედრო სარდალი და ძალიან საშიში ფიგურა იყო 2014-15 წლებში. სავარაუდოა, რომ იგი რუსეთის მარცხის შემთხვევაში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას რუსეთში შეეცდება”, - თვლის კობერიძე, რომლის მოსაზრებით, “უკრაინაში ტემპერატურამ კლება დაიწყო. ღამით 7-8 გრადუსია ფრონტის ხაზზე და რუსული ლოჯისტიკური კრიზისის ფონზე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული ნაწილებისათვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი