"ოთხი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება, დასამალი არაფერია"
ოთხი დეპუტატი რჩება საპარლამენტო უმრავლესობის წევრად, დასამალი არაფერია, არაფერი კეთდება ფარულად, – ასე უპასუხა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რატომ ესწრებოდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას.
კობახიძის თქმით, მათთან ერთ საკითხზეა მხოლოდ უთანხმოება, მაგრამ ისინი არიან უმრავლესობის წევრები და მათი ხმები მნიშვნელოვანია.
„ძალიან მარტივად განიმარტება ეს ყველაფერი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც. ისინი აღარ არიან პარტიის წევრები და შესაბამისად, ფრაქციის წევრები, მაგრამ რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ანუ ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა. აუცილებელი არ არის, უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს ფრაქციას 80 ხმა აქვს საქართველოს პარლამენტში, 76 ხმა სჭირდება გადაწყვეტილებების მიღებას და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მართალია, დატოვეს ფრაქცია, პარტია, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ხმები არის მნიშვნელოვანი, თითოეული პარლმენტარის ხმა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ასახსნელია ის, რაც საზოგადოებამ იხილა.
დასამალი არაფერი გვაქვს, არც საზოგადოების წინაშე და არც არავის წინაშე. ყველაფერი ღია და გაცხადებულია. ოთხ პარლამენტართან ჩვენ გვქონდა ერთ საკითხზე უთანხმოება. ეს საკითხი იყო ის, რა დოზით უნდა ყოფილიყო ნათქვამი რაღაცები საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვთვლით, რომ არის რაღაც დელიკატური საკითხები, რაზეც არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი და ამ საკითხებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა ჩვენს პარტნიორებთან. მათი მხრიდან გამოთქმული იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებთან დაკავშირებით მეტი სიმართლე უნდა ითქვას საზოგადოების წინაშე, რომ ხალხი იყოს მეტად დაცული. ამაზე ახლაც ვერ ვთანხმდებით. პრინციპში ეს არის უთანხმოების ერთადერთი საგანი ჩვენ შორის. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობაში ისინი რჩებიან. დასამალი აქ არაფერი არ არის. არაფერი კეთდება ფარულად. არის ერთ საკითხზე უთანხმოება, მაგრამ ისინი არიან უმრავლესობის წევრები და მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რომ გვდომოდა რამის დამალვა, ამას დავმალავდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო