დანაწილებული ქვეყანა: საქართველომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატში“ (Handelsblatt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დანაწილებული ქვეყანა: საქართველომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“ (ავტორი - მარეიკე მიულერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოში (თბილისში) მყოფი ჟურნალისტის მიერ დანახული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ქართველების განწყობა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეTისა და დასავლეთის მიმართ.

ვრცელი პუბლიკაცია იწყება შოთა დიღმელაშვილის - პროევროპული მოძრაობა „სირცხვილის“ ლიდერთან შეხვედრით, რომელიც საქართველოში რუსეთის გავლენას ებრძვის და ხელს უწყობს ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვას: „ზაფხულში შოთა დიღმელაშვილმა და მისმა მოკავშირეებმა თბილისის ქუჩებში ანტირუსულ აქციაზე 120 ათასი ადამიანი გამოიყვანეს - დედაქალაქის ყოველი მეათე მცხოვრები. იმ დროს დიღმელაშვილი მგზნებარე სიტყვებით გამოდიოდა მიტინგებზე“, - აღნიშნულია სტატიის დასაწყისში.

 

„დიდი ხნის განმავლობაში საქართველო, 3,7 მილიონი მცხოვრებით, [სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან] ევროკავშირში [და ნატოში] მიღების მთავარ კანდიდატად აღიქმებოდა. 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ომის შედეგად აგრესორის არმიამ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაიკავა და ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს ევროკავშირის წევრობის დიდი სურვილი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ რუსეთის მიზიდულობა უნდა დასძლიოს.

 

მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, შესაბამისად, ბევრისთვის ეიფორია იმედგაცრუებით შეიცვალა. როგორ ცხოვრობს დღეს იმ ქვეყნების მოსახლეობა, რომელსაც ევროკავშირმა მიზანი დაუბლოკა?

 

მოსახლეობაში ზოგიერთები დეზორიენტირებულები არიან, ზოგიერთები კი - უიმედობისაგან სასოწარკვეთილნი: „მე ძალიან პესიმისტურად ვუდგები ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგიის პროფესორი, - თუ საქართველოს მთავრობა იზოლაციონისტურ პოლიტიკას გააგრძელებს ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, მაშინ რუსეთი ის ერთადერთი ქვეყანა გახდება, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვექნება“.

 

„ქართველი მედასავლეთებისათვის ბევრი რამ არის სარისკო. მათთვის, ვინც დასავლური ფასეულობების ერთგულებას გამოხატავს, მათ შორის პრესის თავისუფლებას, მხარს უწერს სექსუალურ თვითგამორკვევას, შეიძლება ლექსო ლაშქარავას ბედი ეწიოს“, - წერს ავტორი, რომელიც მოკლედ გადმოსცემს 2021 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტის ისტორიას.

 

გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 75% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ  საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია და ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს. 

 

რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, რომელიც შეიძლება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს. იმ დროს, როცა ქართველები დასაქმების სფეროში პრობლემებს განიცდიან, ქვეყანაში ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოდის, რომლებიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმს გამოექცნენ. დევნილი მიგრანტები სამუშაო ადგილებს იკავებენ, ძვირდება ბინები და უძრავი ქონება, მატულობს ფასები. ქართველები უკმაყოფილებას გამოხატავენ.

 

„მაგრამ ეს მხოლოდ რუსების მიგრაციის ეკონომიკური მხარეა, არის პოლიტიკური მხარეც“, - აღნიშნავს ავტორი და ამის დამადასტურებლად თბილისის კაფე-ბარებში და ბანკებში დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს, კედლებზე გაკეთებულ ანტირუსულ წარწერებს და ა.შ.

 

ბევრი ქართველი შეშფოთებულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით: როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, „ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებს რუსი ტურისტების წინააღმდეგ განწყობილნი არ იყვნენ, მაგრამ ამდენი რუსის შემოდინებით სიტუაცია ნელ-ნელა უარყოფითისკენ იცვლება: „არ არის გამორიცხული, რომ ერთხელაც დადგეს მომენტი და ვლადიმერ პუტინმა საქართველოში, ვთქვათ, ბათუმში მყოფი ათასობით რუსი დაცვის მოტივით ჯარი აამოქმედოს“. ბათუმი შავიზღვისპირა კურორტია, რომელიც რუსებისათვის დასვენების პოპულარულ ადგილად იქცა, - განმარტავს ავტორი.

 

მარეიკე მიულერი ესაუბრება საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს, რომელსაც კარგად ესმის ქართველების შიში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, ამჟამად რუსეთის სამხედრო აგრესიის ალბათობა მცირეა, თუმცა საფრთხე მაინც შენარჩუნებულია, რადგან რუსეთს ქვეყნის ტერიტორია აქვს ოკუპირებული და რუსული არმიის ბაზა თბილისიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს. „საქართველო ნატოს პარტნიორებიდან განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების სიაში შედის. აუცილებელია, რომ ქვეყანა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მდგრადი გახდეს“.

 

დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას საუბარი ეხება საქართველოს პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში: „ყველაფერი, რასაც მთავრობა აკეთებს, იმას ჰგავს, რაც მოსკოვიდან ისმის“, - ამბობს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. „ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია ისეთი მთავრობა, რომელიც ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებისადმი. ხელისუფლება ევროკავშირიდან რუსეთის მხარეს იხრება“.

 

ექსპერტთა აზრით, საქართველოს მთავრობა მართლაც ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას. კორნელი კაკაჩიას თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ორივე ქვეყნის მთავრობა ოლიგარქული ინტერესებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. „ამჟამინდელ ხელისუფლებას ეშინია, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხდება [და მოკავშირეს ეძებს]. საქართველოში პოლიტიკური შურისძიების ტრადიცია არსებობს და არჩევნებში დამარცხებულს წინ არასასიამოვნო სიტუაცია ელოდება - არამარტო პოლიტიკური საფრთხის სახით, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი“.

 

თავის დროზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გატარებული რეფორმები ბევრს იმედებს უსახავდა, რომ ბოლოსდაბოლოს, კორუფცია შემცირდებოდა და ადამიანის უფლებები იქნებოდა დაცული, ამ სფეროებში სიტუაცია გაუმჯობესდებოდა, მაგრამ რადგანაც მისი პოპულარობა მცირდებოდა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნიდან წასვლა მოუწია. როცა დაბრუნდა, იგი დააპატიმრეს. 

 

დღეს ბევრი არც ამჟამინდელ მთავრობას არ ენდობა, თუმცა იმედი აქვთ, რომ 2024 წლის არჩევნებში დღევანდელ ხელისუფლებას დაამარცხებენ: „ამაში ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ პროევროპული მთავრობა გვეყოლება, - ამბობს დავით უსუფაშვილი ავტორთან საუბრის დროს, შეიძლება ეს 2024 წლამდეც მოხდეს, ვადამდელი არჩევნების გზით“.

 

„თუ ოპოზიცია გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ მოსახლეობა დაინახავს და დარწმუნდება, რომ გაერთიანებით მიზანს მიაღწევს“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილიც, მაგრამ იგი იმასაც აღიარებს, რომ დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტი და ფრაგმენტირებულია, რომ ის სერიოზულ ალტერნატივად იქნეს განხილული. მის ერთადერთ იმედს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პოზიცია წარმოადგენს: „თუ ჩვენ ხმამაღლა განვაცხადებთ ჩვენს პრობლემებზე, იქნებ ევროკავშირმა გაიგონოს“.

 

წყარო

წაკითხვა 243 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.