"არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არც უთქვამთ. ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.
„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, – „ჯანდაცვის სამინისტროს შარშან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა ოფიციალური წერილით, გამოეთხოვათ, რა ნივთიერება იყო გამოყენებული. უწყებამ უპასუხა, რომ საჭიროება არ დადგა და შსს-დან არ გამოუთხოვია. ამის შემდეგ სახალხო დამცველიც ითხოვდა ინფორმაციას შსს-დან. დღესაც საუბრობენ ადამიანები, რომ სიმპტომები, რაც შეიძლება ყოფილიყო სხვა აქციების დროს, ამ აქციებზე იყო განსხვავებული. ერთი წლის განმავლობაში მოიკითხეთ თუ არა და დღეს მაინც თუ იცით, რა ნივთიერება იყო გამოყენებული?“ – სარჯველაძემ უპასუხა:
„მონაცემები, რომლებიც ვრცელდება და რომელზე დაყრდნობითაც ადამიანები არასწორ დასკვნებს აკეთებენ, თითქოს ვითარება არის საგანგაშო ან ისეთი, რომელიც მოითხოვს ვინმეს ჩართვას, შესწავლას, გამოკვლევას, არის უსაფუძვლო და მცდარი. ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს მოხდა გამოფრქვევა. აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა. ჩემ მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები, რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებებით. სულ არის რამდენიმე ერთეული. ინდივიდუალურ შემთხვევებში თუ ვინმეს აქვს რამე საჭიროება, გამოკვლეულ იქნეს, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, ყველა მზად არის, ინდივიდუალურად გააკეთონ შეფასებები. აბსოლუტურად ყალბი, მოგონილი აჟიოტაჟია ეს ყველაფერი. მიზანია პოლიტიზება. ეს ჩანდა იმთავითვე, პირველი ანგარიშიდან, სადაც პოლიტიკური შეფასებებია გაკეთებული ექიმების მხრიდან. რეალური მოტივაცია არის პოლიტიკური მიკერძოება, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნან უარყოფითი რეპუტაცია. ამისთვის კადრულობენ და იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომელიც, რეალურად, ქვეყნის მტრობაა“.
სარჯველაძის თქმით, „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აქცია როცა შეიძლება იღებდეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, პოლიციას და საპოლიციო ძალებს აქვთ უფლება, გამოიყენონ სხვადასხვა საპოლიციო საშუალება“.
„მათ შორის ისეთი საშულებები, რომლებიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ასე შემდეგ. პიროტექნიკასაც რომ მავნე თვისებები აქვს, ეს ახლავე შეგიძლიათ, ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ. ესეც ნახეთ, რა შეეძლო, იმდენ პიროტექნიკას გამოეწვია ადამიანებში. ხდება დაშლა კანონსაწინააღმდეგო აქციის, გამოყენებულია კონვენციური საშუალებები და ახლა მეუბნებიან, კონკრეტული ფორმულა უნდა გამოვიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა „ბიბისის“, მან გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიეთ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. თურმე უნდა დავჯდე და კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც, აპრიორი ვიცი, მცდარია. მე მჯერა არა ჩახუნაშვილების მოსაზრების, რომელსაც არასწორად ეყრდნობა „ბიბისი“, არამედ მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგების, რომლებმაც თქვეს, რომ არ არსებობს მიზეზი, ვინმეს რაიმე უკანონო ჰქონდეს გამოყენებული. კონკრეტული ნივთიერება რა როდის შეისყიდა, როგორია მისი ფორმულა, ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს შსს-ს. მჯერა, შსს მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით, როცა ამ საშუალებებს იყენებდა. იმ დღეს, როცა აქციები ტარდებოდა, ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო. შეიძლება, პიროტექნიკითაც იყო. არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ საშუალებით, რომელიც არის ლეტალური?“ – განაცხადა სარჯველაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
- "ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება"
