„საქართველო – აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შენიშვნები ჩრდილოეთიდან: „საქართველო – აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ (ავტორი – დენიზ ბერქტაი), რომელშიც, რუსეთისა და უკრაინის ომის ფონზე, განხილულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანია არამარტო ბრძოლის ველზე მომხდარი მოვლენები, არამედ მესამე ქვეყნების პოზიციაც.

 

ვაშინგტონის პროგნოზი, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იქნებოდა სანქციებით „მოხრჩობილი“, არ გამართლდა. ამის უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისაა, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლირება დანარჩენი მსოფლიოსაგან.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთი მხრივ, მართლაც მოახერხა და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა. ნატოში ფინეთის გაწევრიანება, ახლა კიდევ შვედეთის მიღება ალიანსში ისეთი მოვლენებია, რაც კრემლის ლიდერს ნამდვილად არ სურდა და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გაურბოდა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს მხარდაჭერა აღმოუჩინეს BRICS-ის წევრმა ქვეყნებმა – ბრაზილიამ, ირანმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასევე რიგმა სახელმწიფოებმა, რაც წინასწარ პროგნოზირებული არ იყო. ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფოს საქართველო წარმოადგენს, რომელიც, აშშ-ისა და ევროკავშირის დაჯინებული მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

 

არადა, ოდესღაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ადმინისტრაციის ბურჯს და ჯორჯ სოროსის „სიამაყის განსახიერებას“ წარმოადგენდა, რომელიც მხარს უჭერდა ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ ყოფილ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებში. საქართველოს პერსპექტივა, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს როგორც აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის, ასევე ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ევროპაში გასატანად რუსეთის გვერდის ავლით, ყოველთვის შედიოდა აშშ-ის ინტერესებში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც 2003 წელს ჯორჯ სოროსმა დააფინანსა, საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ახალმა ხელისუფლებამ ჯორჯ სოროსის ფონდის „ღია საზოგადოების“ ქართული ფილიალის ხელმძღვანელი ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ეროვნული განათლების დარგი ხელში ჯორჯ სოროსს ჩაუგდო, ანუ ამით მილიარდერს ვალი გადაუხადა.

 

რევოლუციის შემდეგ საქართველოში, აშშ-ის მითითებით, სწრაფი რეფორმების პროცესი დაიწყო და გადაიქცა ისეთ ქვეყნად, რომელსაც ვაშინგტონი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ნიმუშად, სამაგალითოდ მიიჩნევდა. უკრაინაში 2004 – 2005 წლებში მომხდარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, [როცა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროინდელი პროდასავლური უკრაინა 2014 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთისაკენ გადაიხარა], აშშ-ის მითითებით, კიევში გაიგზავნა ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს „ევრომაიდნის რევოლუციის“ მოხდენას და უკრაინის დასავლურ ტრანსფორმაციას.

 

იზრდება შიდა დაძაბულობა

 

მაგრამ 2013 წლის შემდეგ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს თანდათან დაშორდა. თბილისი არ შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს და დაეთანხმა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესახებ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი წარმოადგენს, რაც ძალიან მოგვაგონებს რუსულ რიტორიკას.

 

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რადგანაც საქართველო ევროკავშირის წევრი ჯერ არ არის, ამიტომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს ვერ შეუერთდება.

 

ქართული ოპოზიცია ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავრობის ასეთ პოლიტიკას, ატარებს საპროტესტო აქციებს, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებულმა მიტინგებმა და დემონსტრაციებმა ფართო მასების მხარდაჭერა ვერ მიიღო. თუმცა, რასაკვირველია, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ დასავლეთი არ შეურიგდება თბილისის ასეთ [პრორუსულ] პოზიციას და ამიტომ, შემოდგომის მოახლოების კვალობაზე, საქართველოში შიდა დაძაბულობის ზრდას უნდა ველოდოთ.

 

წყარო

წაკითხვა 535 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.