"როდესაც დასავლელი ლიდერები დაკავებული არიან უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებით, ისინი რისკავენ გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვას სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოში"
ეგრეთ წოდებული „შუა დერეფნის“, ევროპის ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტის საყრდენი, საქართველო პუტინისთვის ღირებული ჯილდოა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის სტატიაში, რომელიც „პროჯექთ სინდიკატში“ გამოქვეყნდა.
სტატიის თანახმად, საქართველოს პატარა ქალაქ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ტრაექტორია საილუსტრაციოა, რადგან საქართველოს „თიბისი ჰოლდინგსა“ და აშშ-ში დაფუძნებულ „კონტი ინტერნეიშენალის“ ერთობლივ საწარმოს პორტის მშენებლობის უფლება 2020 წელს, სავარაუდოდ, რუსეთის ზეწოლით შეუჩერდა და ახლა საქართველოს მთავრობა განიხილავს ჩინელი ინვესტორების შეთავაზებებს. სტატიის მიხედვით, როდესაც დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები სულ უფრო მეტად არიან დაკავებულნი უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებით, ისინი რისკავენ გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვას პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის ქვეყანაში, საქართველოში.
სალომე სამადაშვილი სტატიაში აღნიშნავს, რომ კრემლის სტილის უცხოური გავლენის კანონი მთავრობას საშუალებას მისცემს, გაანადგუროს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დათრგუნოს დამოუკიდებელი მედია და გაანადგუროს ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლა, რომელსაც მალევე მოჰყვა კანონის მიღება 14 მაისს, აღნიშნავდა საქართველოს შემობრუნებას ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმისკენ.
“მაშ, რატომ გააკეთა ივანიშვილმა, მისი, ერთი შეხედვით, პროდასავლური პოზიციის გათვალისწინებით, შემობრუნება ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ და როდესაც მოსახლეობის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას? პასუხი რუსეთშია, სადაც ივანიშვილმა თავისი ქონება დააგროვა. როგორც ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის, ევროპის ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტის საყრდენი, საქართველო პუტინისთვის ღირებული ჯილდოა. აღარ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს (თუმცა ძირითადად გვერდიდან), ყოველთვის იყო რუსეთის ტროას ცხენი, თუ სულ ახლახან გადაწყვიტა, რომ დემოკრატია არ ემსახურება მის პირად და პოლიტიკურ ინტერესებს. შედეგი იგივე რჩება: პუტინმა ივანიშვილში იპოვა ძლიერი მოკავშირე, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე მოწოდებულია, საქართველო დააშოროს დასავლეთს. რუსეთი მაღალი ფსონებისთვის თამაშობს. საქართველოს ევროპული მომავლის დამარხვა გააძლიერებს კრემლის გავლენას კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, დააახლოებს პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენის მიზანთან”, – წერს სალომე სამადაშვილი.
ქართველი დეპუტატის თქმით, არჩევნებში პუტინის მოკავშირეების გამარჯვებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება როგორც ქართველებისთვის, ასევე დასავლეთისთვის.
სალომე სამადაშვილის სტატია „პროჯექთ სინდიკატმა“, რომელის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, 28 მაისს, ტაივანურმა გამოცემა „ტაიპეი თაიმსმა“ კი 4 ივნისს გამოაქვეყნა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"