"საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და არ ეძებთ პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის" - გია ვოლსკი
საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და არ ეძებთ პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის - ჩვენ ვართ მეგობრები, რომელსაც ამ ეტაპზე არ აფასებენ, რადგან დღის წესრიგში უფრო დიდი და გლობალური საკითხებია, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ როგორც კი გლობალური საკითხები მოგვარების მიმართულებით დაიძვრება, პრობლემები დღის წესრიგიდან გაქრება.
"არსებობს ორი ძირითადი მიდგომა საკითხის მიმართ, რასაც ჰქვია აშშ-ს, ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული ფორმის სანქციების გამოყენება.
ერთნი დიდ განცხრომაში არიან, მათ ბანაკში დიდი სიხარულია, რადგან ფიქრობენ, რომ ამისგან პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ და საზოგადოებას მოატყუებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ანტიდასავლურ საქმიანობას ეწევა. არის მეორე ჯგუფი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველოს მონაწილეობით 500-ზე მეტი რეზოლუცია და განცხადებაა მიღებული. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ასპარეზი მას შემდეგ გაეხსნა, რაც საქართველომ და სხვა ქვეყნებმა ამ სასამართლოს მიმართეს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ყველა მაჩვენებლით გაცილებით უკეთესი მონაცემი აქვს, ვიდრე ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას.
აქედან გამომდინარე, დაფიქრება გვმართებს - სამართლიანია კი ჩვენს - მეგობრის მიმართ ეს დამოკიდებულება?
საქართველო რომ მეგობარია მან არაერთხელ დაამტკიცა მათ შორის ბრძოლის ველზე - გინდ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, გნებავთ სხვა ვითარებაში, როდესაც საქმე საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხებოდა.
საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და მედია არ ეძებს პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის.
ეძებთ საკითხის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, რაც სწორია. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია - ჩვენ ვართ მეგობრები, რომელსაც ამ ეტაპზე არ აფასებენ, რადგან უფრო დიდი და გლობალური საკითხებია დღის წესრიგში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს გლობალური საკითხები, როგორც კი მოგვარების მიმართულებით დაიძრება, პრობლემები დღის წესრიგიდან გაქრება.
თუ ჩვენ იარაღი არ ავიღეთ ხელში, რასაც ჩვენგან ღიად აშკარად არასამთავრობო ორგანიზაციები და უკრაინის პრეზიდენტი ითხოვდა, თუ უკრაინაში არ გავგზავნეთ მოხალისეები და არ შევუერთდით ეკონომიკურ სანქციებს, ეს ანტიდასავლური გადაწყვეტილება არ არის. ეს არის პროქართული გადაწყვეტილება, რათა არ დაინგრეს და ჩამოიქცეს ქვეყანა, რომელიც დღეს ყველა კანდიდატ ქვეყანას განვითარების ტემპებითა და ტენდენციებით მნიშვნელოვნად სჯობს.
დღეს ჩვენ ვართ, ვინც ქვეყანას ნგრევის გზაზე არ წაიყვანს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"