14-წლიანი პაუზის შემდეგ, სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაუბრუნდა
14-წლიანი პაუზის შემდეგ, სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაუბრუნდა.
შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მესამედ გახდა. 1997 წლიდან ჯამში, ამ პოსტზე 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.
აფხაზური წყაროები შამბას „მთავრობაში“ დაბრუნების ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: მწვავე საკადრო კრიზისსა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სურვილს - შეძლებისდაგვარად შეამსუბუქოს ხალხის რისხვა, რაც აფხაზეთში რუსეთისთვის სასურველი კანონების ლობირებას მოჰყვა.
თავის ძველ, ახალ სამსახურში შამბა 7 აგვისტოს მივიდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ შამბას დანიშვნას 6 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 7 აგვისტოს „მინისტრი“ კოლექტივს ბჟანიას მოადგილემ, გუნბამ წარუდგინა.
„ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სერგეი მირონოვიჩმა - აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილემ, ომის შემდგომ პერიოდში არსებითი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში", - თქვა გუნბამ და დაამატა, რომ შამბას "დიპლომატიურობა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება" ყოველთვის საჭირო და სასარგებლო იყო.
ექსპერტების შეფასებით, შამბა ხალხში გაცილებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე მისი წინამორბედი - ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ამ წლის მაისის დასაწყისში გაათავისუფლეს. თუმცა მან თქვა, რომ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და მოსკოვში ახალ თანამდებობას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ სერგეი შამბა თბილისთან ყოველთვის დიალოგის მომხრე და მოსურნე იყო. ამის გამო ის ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთხელ გაკიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს გადაუდგამს კომპრომისული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - ჯერ კიდევ 2023 წელს განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბას პოლიტიკას ექსპერტები ხშირად „პროაფხაზურს“ უწოდებენ, ხოლო არძინბა „რუსეთის კაცად“ იყო ცნობილი.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“