"განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე"

200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ თუ რა უნდათ? – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი.

 

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი – მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინ გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

 

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანში შესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნის მოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან – არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

 
წაკითხვა 110 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.