December 3, 2024

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია - რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის

“წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, სენატორი ჯეი დი ვენსი ამერიკის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება - ამის შესახებ ინფორმაციას “ფოქს ნიუსი” ავრცელებს.

“რესპუბლიკელები” თვლიან, რომ ეს არის აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნება. რისი შეცვლა შეუძლია ტრამპს მსოფლიოსა და საქართველოში ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი ფლორიდაში, საკუთარ მხადამჭერებთან უკვე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება. “ვაპირებთ განკურნებაში დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწევთ”, - განაცხადა ტრამპმა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია - რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის.

 

“მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება”, - აღნიშნა ტრამპმა. ამავე შეკრებაზე აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ “აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოქმეები გავხდით”. ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად “ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეკონომიკურ დაბრუნებას უხელმძღვანელებს”. კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკის მხრივ სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ტრამპი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე უკრაინაში მშიდობას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩემი აზრით, ტრამპი ისრაელის მხადაჭერას ჯერჯერობით გააგრძელებს და შესაძლოა მისი მხადაჭერა უფრო გაძლიერდეს. ალბათ, ის შემოიღებს ე.წ. შერჩევით საგარეო პოლიტიკას და შეეცდება შიდა პოლიტიკური პროცესების პირობების შექმნას, რათა გააუმჯობებსოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მოახდინოს სოციალური პრობლემების მოგვარება და გადაწყვვიტოს არალეგალური მიგრანტების საკითხი, რაც ასე მწვავედ დგას ამერიკის წინაშე. ვფიქრობ, ის სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული: ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა, აღმოსავლეთ პრობლემა და რა თქმა უნდა, უკრაინის ომის თემა. ვერ გეტყვით ზუსტად რას გააკეთებს, ვინაიდან ის ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს და დროებითი ზავის თემას განსაზღვრავენ. ალბათ, ტრამპს ეს აქვს გადაწყვეტილი. მას წინასაარაჩევნოდ ძირითადად ქვეყნის შიდა საკითხებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ამიტომ რთულია განვსაზღვროთ, ზუსტად რას აპირებს პოლიტიკის საგარეო მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“საქართველოსთან მიმართებაში მე არავითარი მოლოდინები არ მაქვს, რადგან “რესპუბლიკელებმა” მთლიანად დაიკავეს, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატა. ფაქტობრივად, იქ მონოპოლიაა და რაც მთავარია, ერთ-ერთი “რესპუბლიკელი” კონგრესმენი, რომელსაც ტრამპთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა რაიმე თანამდებობაც დაიკავოს, მას რომ მოუსმინოთ “ქართული ოცნების” მმართველობით აღფრთოვანებული არაა. ასე რომ, ჩემი აზრით, ის პოლიტიკა, რაც დღეს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს, უცვლელი დარჩება”, - დაასკვნის მაისაია.

 

“ტრამპმა თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მყისიერად დასრულდება უკრაინაში ომი და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ვნახეთ, რომ ზელენსკისთან მას კონსულტაციები ჰქონდა და თუ მანამდე უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის გარკვეული პირადი გაუგებრობები იყო, ბოლოს უკვე დასტაბილურდა. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეს სამშვიდობო ხელშეკრულება, ყველაფერი მომლაპარაკებელთა პროფესიონალიზმზე და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეორე არანაკლებ ცხელ წერტილს პლანეტაზე, ახლო აღმოსავლეთს, აქაც ტრამპის დაპირებებია, რომ ის დაასრულებს იმ ე.წ. ხანძარს, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის კიდევ უფრო დაპირისპირება ირანთან. საერთაშორისო ურთიერობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ტრამპისეული ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები. საჯარო განცხადებებიდან აქაც ვიცით, რომ სატარიფო-სავაჭრო ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რათა ამერიკის ინტერესები უწინარესად გათვალისწინებული იყოს სავაჭრო ხელშეკრულებებში. აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციას საკმაოდ კომპლექსური საგარეო პოლიტიკა ელის წინ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სამართლიანად გაუხარდა ტრამპის გამარჯვება, რადგან ტრამპი ფასეულობებზე გალაშქრებას დაასრულებს და ე.წ. ვოუქიზმის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის ნაძალადევად თავს მოხვევას. ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების პატივისცემა, რომ “რესპუბლიკელების” მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამას “ქართული ოცნება” დაეთანხმება. რაც შეეხება ურთიერთობის გადატვირთვას, აქაც ბევრი რამეა პერსპექტივაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა/გადატვირთვაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ვაშინგტონიდან ცალკეულმა პირებმა დააზიანეს, მათ შორის ჰელსინკის კომისიიდან. შესაბამისად, ის ზეწოლა, რაც საქართველოზე ე.წ. რუსული კანონის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, გაქრება, რამეთუ კონგრესის ორივე პალატაში “რესპუბლიკელებმა” მოიპოვეს უმრავლესობა”, - მიიჩნევს გია აბაშიძე.

წაკითხვა 136 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.