April 20, 2025

სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და მას ჰყავს არა დემოკრატიული, არამედ „ერთპიროვნული ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტს დაეუფლა“. ამის შესახებ მან დღეს, 11 ნოემბერს, ისაუბრა ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაცია ჰყავდა მიწვეული.

 პრეზიდენტის თქმით, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ:„ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს - კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ და მოვიპოვოთ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

„ის, რომ ევროპა ჩვენ არ გვიშვებს ხელიდან და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, მისი ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე, არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ ყოველ ჯერზე, საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 დღეს, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების" უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

 
წაკითხვა 138 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.