November 22, 2024

"ამას ჰქვია სამართლებრივი თაღლითობა, როდესაც შეგაქვს სარჩელი იმ სასამართლოში, რომლის უფლებამოსილებასა და კომპეტენციაში არ არის განიხილოს ის საკითხი, რომელსაც შენ მას სთხოვ " - კახა კახიშვილი

რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ვსაუბრობდით ოპოზიციონერების განცხადებებზე, რომ ისინი მანდატებზე უარს ამბობდნენ. მაშინაც მოგვიხდა განმარტების გაკეთება, რომ ფაქტობრივად არანაირი უფლებამოსილება ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იმისთვის, რომ მანდატები გაეუქმებინათ, რადგან ჯერ არჩეულებიც კი არ იყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც პირი დარეგისტრირდება, როგორც პარტიის წარდგენილი სიაში, ამ შემთხვევაში ითვლება ის კანდიდატად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შემდეგ უკვე ითვლება არჩეულ პირად, ხოლო პარლამენტის პირველი სხდომის უფლებამოსილების ცნობისთანავე ხდება უკვე დეპუტატი, შესაბამისად დეპუტატობაზე უარი შეგიძლია თქვა მაშინ, როდესაც დეპუტატი გახდები. ხომ არ შეიძლება ჯერ ჰოპლა თქვა და მერე გადახტე.

 

მათ გუნდში ნამდვილად ჰყავთ ისეთი იურისტები, რომლებსაც უბრალოდ გამორიცხულია, რომ არ სცოდნოდათ ეს ნორმა. თუ არქივში მოვძებნით, შეიძლება იპოვოთ მათივე იურისტების დღევანდელი განმარტების საწინააღმდეგო განმარტება 2008 წელს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია უარს აცხადებდა მანდატებზე. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, უბრალოდ სამწუხაროდ საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს, როდესაც ფაქტობრივად განზრახ შეცდომაში შეჰყავთ და იყენებენ ცნობად სახეებს, იურისტებს.

 

დღეს ვნახეთ მორიგი ფარსი, ამას ჰქვია სამართლებრივი თაღლითობა, როდესაც შეგაქვს სარჩელი იმ სასამართლოში, რომლის უფლებამოსილებასა და კომპეტენციაში არ არის განიხილოს ის საკითხი, რომლის საკითხის განხილვას შენ მას სთხოვ. ამ ლოგიკით თუ მიჰყვებიან, მგონი მალე ჰააგას სასამართლოშიც შეიტანენ სარჩელს არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით.

 

საარჩევნო დავებს არეგულირებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე – 78-ე მუხლებში მკაფიოდ წერია, ვინ არის სუბიექტი, ანუ ვის რა საკითხი, სად შეუძლია გაასაჩივროს.იქ არსად არ წერია საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდებაო.

 

თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსი არის ის, რომ მოვლენა კი არ განიხილოს, როგორც ჩვეულებრივი სასამართლოები იხილავენ მოვლენებს, მისი კომპეტენცია არის მხოლოდ და მხოლოდ დაადგინოს რომელიმე მიღებული მოქმედი ნორმა ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ჩანაწერს და იმ შემთხვევაში თუ ეწინააღმდეგება, აუქმებს ამ ნორმას. ეს ქმედება ჰგავს დაახლოებით იმას, აფთიაქში რომ შეხვიდე და მწვანილი მომყიდეო რომ მოითხოვო.

 

ყველაფერი ეფუძნება კანონმდებლობის ნორმებს, პროცედურულ სამართალს ეფუძნება ასე მათ ნება-სურვილზე ვერ იმსჯელებენ. იმაზე საუბარი, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ეს ხომ საერთოდ ნონსენსია“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

წაკითხვა 40 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 22 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.