აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
პარლამენტში პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყო.
შენობის გვერდითა შესასვლელებთან პოლიციელები არიან განლაგებული და დემონსტრანტებს არ აძლევენ შესასვლელების ბლოკირების შესაძლებლობას. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, 11:30 საათისათვის, რეგისტრაცია უკვე გაიარეს პარლამენტის შენობაში.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
„ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი კახიანმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა. მისი თქმით, ოპოზიციის „არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება“.
დღის წესრიგი კი, შალვა პაპუაშვილის თანახმად, ასეთი იქნება:
- ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
- მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
- შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
- შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
- მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
- განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
- „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
- მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
- მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში სამი მინისტრი იცვლება:
- საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს.
- იუსტიციის მინისტრი: ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს.
- სოფლის მეურნეობის მინისტრი: დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას.
სიახლეები
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
