January 30, 2025

რა საფრთხე გვემუქრება თუ მხარეები კომპრომისზე არ წავლენ

“ზუსტად ერთი კვირაა, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი და წინააღმდეგობებია. პროტესტანტები გაჩერებას და არაფრის დათმობას არ აპირებენ და როგორც ხელისუფლების განცხადებიდან ჩანს, არც ის იხევს უკან. ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, რომელიც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს.

“არაა გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ვითარება განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაიძაბება, როცა ე.წ. პარლამენტი ე.წ. პრეზიდენტს აირჩევს”,- განაცხადა “რეზონანსთან” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ. “ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა, არაა გამორიცხული დაიძრას ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” ხმა აქვს მიცემული და რომელსაც არ მიაჩნია, რომ “ოცნება” რუსეთისკენ მიდის”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხე გვემუქრება თუ მხარეები კომპრომისზე არ წავლენ.

 

“თუ “ქართულმა ოცნებამ” ისევ გააგრძელა დარბევა, დაშინება, სადარბაზოებთან დახვედრა, ცემა, სატელეფონო ზარები და ა.შ. ამან შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარისკენ წაგვიყვანოს. პროტესტანტები კომპრომისზე წამსვლელები, ჩემი აზრით, არ არიან, უფრო ხელისუფლება შეიძლება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, ოღონდ ამისთვის წინაპირობა უნდა იყოს სანქციები. მგონია გამოსავალი ასეთია, რომ თუ დასავლეთი რეალურ სანქციებს შემოიღებს, რომელიც მხოლიდ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხებოდეს, მერე შესაძლებელია საუბარი “ოცნებასთან”, რომ სანქციების გაუქმების წინაპირობა უნდა იყოს ქვეყანაში ჩანიშნული განმეორებითი არჩევნები, ან სხვა რაღაც ტიპის კომპრომისზე წასვლა. არაა გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ვითარება განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაიძაბება, როცა ე.წ. პარლამენტი ე.წ. პრეზიდენტს აირჩევს და შემდგომში ე.წ. ინაუგურაცია თუ შედგება, ამ მომენტებისთვის უნდა ველოდოთ განსაკუთრებით დაძაბულობას. არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებამ” ის ხალხი გამოიყვანოს, ვისაც წინა აქციებზე თანხას უხდიდნენ, თუმცაღა, ისინი მთელი დღე და ამდენი ხანი ვერ იდგებიან, როგორც დღევანდელი აქციიის აქტიური მონაწილეები, შესაძლოა ერთხელ გამოვიდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“სცენარების სიუხვე არ გვაქვს, მაგრამ სურვილი იმისა, რომ რაღაც ცვლილება შევიდეს, ჩვენს პარტნიორებს გაუჩნდათ და მათ ნელ-ნელა საქართველოს თემაზე უკონფლიქტო პოზიციის დაფიქსირება დაიწყეს. კონფლიქტიანი წინადადებები უკვე ითქვა მათი მხრიდან, ისინი ერთვებიან კონფლიქტში, ოღონდ ერთ-ერთ მხარეს. გამოჩნდა კონტურები იმისა, რომ შეიძლება უკონფლიქტო გადაჭრის პერსპექტივა იყოს, რადგან მიზეზი რის გამოც საპროტესტო აქციებია, ეს მიზეზი შეიძლება მოხსნან და ევროპისკენ მივდივართ თუ არა, უკვე დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტონ. აგერ ამერიკელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპის წარმომადგენელი ევროკავშირში, მიიჩნევს, რომ ეჭვის საფუძველი არაა, საქართველო აპირებს ევროპისკენ წასვლას და ჩვენ დავეხმარებით ამაშიო. ამ ტიპის ჩარევებმა შეიძლება კონფლიქტი გადაწყვიტოს იმ მხრივ, რომ მკაცრი არგუმენტაცია წამოვიდეს საიმისოდ, რომ ფაქტიურად არაფრის გამო ებრძვიან ერთმანეთს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“თუ ეს ასე არ მოხდა, ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა, არაა გამორიცხული დაიძრას ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” ხმა აქვს მიცემული და რომელსაც არ მიაჩნია, რომ “ოცნება” რუსეთისკენ მიდის. ასეთი ადამიანები უფრო მეტნი არიან სავარაუდოდ და მათ იციან, რომ მეტნი არიან და შეიძლება ვეღარც შეაჩეროს, მაგრამ მათი ქუჩებში გამოსვლა უკვე სამოქალაქო დაპირისპირებას ნიშნავს, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს არ დაუშვას. ახლა დაპირისპირების დარტყმას პოლიცია თავის თავზე იღებს, მაგრამ თუკი ხელისუფლებამ პროტესტანტები ვეღარ შეაჩერა და ამასობაში ქალაქი ინგრევა, შეიძლება საპასუხოდ ხალხი პროტესტის პროტესტზე გამოვიდეს და ეს უარესი იქნება”, - ამტკიცებს რამაზ საყვარელიძე.

 

“თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა, მისი თქმით ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. “ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ იმ დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებსა და ნუ დავაბულინგებთ მათ! ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეურაცხყოფა, ბულინგი, ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს და არ ეთანხმება, არ ემხრობა იმ ძალადობრივ ქმედებებს, აქციებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარეობს. ვერ წარმოიდგენთ როგორი შეურაცხყოფისა და ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება!”- განაცხადა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც დიდი ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით. ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ნაწილი იყო მტკივნეული და შეიძლება არაპოპულარულიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებასა და გამჭვირვალობასაც ვთხოვდით, დღეს ხელისგულზე დევს და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა!” განაცხადა კახა კალაძემ, რომლის აზრით, “ნაცმაიდანი” საქართველოში ვერ და არ მოხდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს” - განაგრძობს გამოცემა.

 

“არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ - ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა”, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა და მეტი ენერგიულობა. “მეგობრებო, არ არის “ქოცების” მდგომარეობა მარტივი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში (ნუ, ღმერთმა გვაშოროს “ქოცობა”): ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს; ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს: არც ხალხი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს; აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი “წადი”-ს გეძახიან; არბევ აქციებს, რომ ხალხი დააშინო, და უკუშედეგი გაქვს: უფრო გაბრაზებული, უფრო მეტი ადამიანი მოდის; გყავს დაქირავებული 4 ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის”, - ამბობს მანჯგალაძე, რომლის თქმით, “ამათ ბიძინა ფულიანი და ძლიერი სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ”, - დასძენს გამოცემა.

 

“ყველაზე მთავარი: არ გაქვს მორალური უპირატესობა. ყოველ დღე, ერთი კაცის აკვიატების გამო, ცემ და არბევ შენს ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავის შვილებს, ალბათ, შენს შვილსაც. საზოგადოებიდან კი არა საკუთარ ოჯახშიც უფრო და უფრო იზოლირებული ხდები, ვერ ხსნი რას იცავ, რატომ იქეცი სხვის მოძალადე იარაღად. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას? ამიტომ, არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ. ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა. საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა, მეტი ენერგიულობა! რადგან არ ვიცით, სხვა ასეთი მომენტი როდის დადგება და ახლა სადაც ვართ ესეც კი სანატრელი გაგვიხდება!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის თქმით, “ამიტომ უკან გზა უნდა ჩავხერგოთ ფიქრშიც კი და მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 138 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.