December 22, 2024

"ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ"

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით - დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცესი უნდა დაიწყონ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ.

 

„გუშინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა, იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა მოქალაქეებზე. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება ყველანაირ კანონს მიღმაა.

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილის მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს დაკავებულია. უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მძევლები არიან. დღეს ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი, არ ვიცით რამდენი დაშავებულია და სად მკურნალობენ, ფაქტობრივად დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, ჩვენ ძალიან სახიფათო საზღვართან მივედით.

 

„ამიტომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ის რაც ჩვენ გაგვაჩნია - სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტის უფლება დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ - ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, ეს უნდა იყოს საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქებში, ეს ერთადერთი გზაა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო და ახალგაზრდები, რომლებზეც დე-ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ ძალადობს.

მინდა მივმართო ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ მთავარ ინსტრუმენტებს, „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“, თქვენ არაფრით არ განსხვავდებით, იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ, უფრო მეტიც თქვენი პასუხისმგებლობაა, როდესაც პარალელურ რეალობას ქმნით, როდესაც საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, ეს არის ის საფუძველი და გამართლება დღეს, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს, ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობდნენ და მას დახმარება არ გაუწიოს. დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს. თქვენ დღეს მძევლად იმყოფებით ამ ადამიანის მიერ. თითოეული თქვენგანი, რომელიც ძალს მოიკრებს და უარი უთხრას მოძალადე დე-ფაქტო ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის მადლობას დაიმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ აღშფოთების დრო არ არის.

 

„მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს, დღეს აღშფოთებების დრო აღარ არის, დღეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძვიან, ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას იმსახურებენ. ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ იმ ადამიანების სანქცირებაში, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ და არღვევენ ყველა ნორმასა და ადამიანის უფლებას.

სიმართლე ჩვენ მხარესაა და ბევრად უფრო მეტნი ვართ. მშვიდობიანი სამართლიანი პროტესტი ჩვენი ძალაა, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას, დღეს კი ყველაზე ბევრნი უნდა ვიყოთ, არამარტო თბილისის არამედ საქართველოს დიდი თუ პატარა ქალაქების ქუჩებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 111 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.