December 22, 2024

"ქვეყანაში ვითარება ემთხვევა 1991 წლის მოვლენებს... ყველაფერი 2 სექტემბერს დაიწყო და დამთავრდა 21 დეკემბერს" - მამუკა არეშიძე

"ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ზუსტად ემთხვევა 1991 წლის მოვლენებს - წელიწადის დრო და თვეც კი", - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. „ოთხი თვე ვიდექით ქუჩაში, ყველაფერი 2 სექტემბერს დაიწყო და ყველაფერი დამთავრდა 21 დეკემბერს ომით", - იხსენებს არეშიძე და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებს განიხილავს.

- თუ ქვეყანაში არსებულ ვითარებას გეოპოლიტიკურ კონტექსტში არ განვიხილავთ, შეგვიძლია კიდევ ასი წელი გავაგრძელოთ ერთმანეთთან ქართულად - ჯიუტად დაპირისპირება. ორივე მხარე დამღუპველ ნაბიჯებს დგამს და ეს ძალიან ცუდის ნიშანია. არც 1991 წელს უნდოდა ვინმეს ომის დაწყება, მაგრამ - დაიწყო. ჩვენ მაშინ ხელიდან გავუშვით შანსი, ახლა აღარ უნდა გავუშვათ - ეს არის კომპრომისი. მაშინაც ყველაფერი უცხო ძალების მიერ იყო ინსპირირებული და დღესაც ასეა. როგორც კი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ უარი თქვა ალმაატის (დღევანდელი ალმათი - ავტ.) სამიტში მონაწილეობაზე და, შესაბამისად, დსთ-ში შესვლაზე, იმ დღესვე დაიწყო დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული, მაგრამ მგონია, რომ დასავლეთის ჩუმი თანხმობაც იყო.

 

- რაში გამოიხატებოდა დასავლეთის ჩუმი თანხმობა ან რა გავლენა ჰქონდა იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაზე დასავლეთს?

- შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. რუსეთის პრეზიდენტი იყო ბორის ელცინი, რომელიც მთლიანად დასავლური ფინანსებით საზრდოობდა. ალბათ, გახსოვთ, ჯორჯ ბუშის მიერ ზვიად გამსახურდიაზე ნათქვამი სიტყვები - ეს ის კაცია, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. ამერიკამ მაშინ ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ ძალას, ვინც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოქმედებდა. ამიტომ გამოუგზავნა სალომე ზურაბიშვილმა 7 იანვარს ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს და თენგიზ სიგუას გამარჯვების მოსალოცი დეპეშა. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცოდა დასავლეთის პოზიცია, საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირატორები იგივე ძალები არიან, ვინც 1991 წელს იყვნენ, უბრალოდ, ახლა მათი ინტერესებია შეცვლილი. დღეს დიდი მოთამაშეები ერთმანეთს სამხრეთ კავკასიის გამო უპირისპირდებიან. შესაბამისად, საქართველოში და, ზოგადად, მთელი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ყველა საკუთარი საყრდენის შექმნას ცდილობს. ამიტომ საქართველოში ყველას ჰყავს თავისი ინტერესების გამტარებელი ჯგუფი. სხვათა შორის, მე მხოლოდ ამერიკა და რუსეთი არ მყავს მხედველობაში, ამ თვალსაზრისით არც სამხრეთის ქვეყნები და ჩვენი მეზობლები მოიკოჭლებენ. ერთი სიტყვით, ყველა ცდილობს, 20 იანვარს უკეთეს ფორმაში შეხვდეს.

ტრამპთან დაკავშირებით ოპტიმიზმის რა საფუძველი აქვს „ქართულ ოცნებას“ და რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას?
- საქმე ის არის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო კონსერვატიულ თანამეგობრობაში ამ იდეის - კონსერვატიზმის მხურვალე მხარდამჭერად მიიჩნევა. ამ ჯგუფს ევროპაში საკმაოდ სერიოზული ლობისტი ჰყავს, ეს არის ვიქტორ ორბანი. მას ახლა ევროპარლამენტში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, მაგრამ 20 იანვარს ისიც პოზიტიური მოლოდინებით ელოდება. ორბანს საკმაოდ კარგი კავშირები აქვს ტრამპთანაც და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც. ორბანი მარტო არ არის, მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე გერმანიის ხელისუფლებაშიც კონსერვატიულ ძალას ვიხილავთ. არც ის არის გამორიცხული, რომ იგივე მდგომარეობა განმეორდეს საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ასეა თუ ისე, 20 იანვარი გარდამტეხი იქნება მსოფლიოს დღის წესრიგში, ძალიან სერიოზული ცვლილებების ეპოქაში შევდივართ. სხვათა შორის, 20 იანვარს ელოდებიან მოსკოვშიც.

 

- ალბათ, მოსკოვში იციან, რომ მათი მეგობარი და პარტნიორი ჩინეთი ტრამპისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი.

- იციან და ძალიანაც უხარიათ. დიახ, ჩინეთი ერთადერთი საყრდენია, რომლის საშუალებითაც რუსეთი ეკონომიკურ პრობლემებს, ასე თუ ისე, თავს ართმევს. უკრაინაში ომის დაწყების წინ ჩინეთი რუსეთის პარტნიორი იყო, ომის მსვლელობის პერიოდში - უფროსი პარტნიორი. ჩინეთმა ძალიან დიდი დივიდენდები დააგროვა რუსეთ-უკრაინის ომით და მნიშვნელოვნად გააძლიერა პოლიტიკური გავლენები. დღეს უკვე „ბრიქსის“ შემადგენლობაში ინდოეთი ბევრად უფრო ყინჩად გამოიყურება, ვიდრე - რუსეთი. ეს ეკონომიკური მაჩვენებლებიდანაც ჩანს, ცხოვრების დონითაც და - სამხედრო-პოლიტიკური გავლენებითაც.

 

- კონკრეტულად, რა პოზიტივს შეიძლება ელოდოს პუტინი ტრამპის ადმინისტრაციიდან?

- პუტინისთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ მისი ჩართულობის გარეშე შეიზღუდება ჩინეთის გავლენები მსოფლიოში. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა გამოვყო, რაც საქართველოსაც უკავშირდება. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის შუა დერეფნის ამუშავება მიუღებელი იყო. ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი არ არის, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ თავად აკონტროლებდეს ამ დერეფანს. ე.ი. ტრამპი თანახმაა, შუა დერეფანზე ჩინური ტვირთები მოძრაობდეს, ოღონდ - მხოლოდ ამერიკის კონტროლის ქვეშ. ეს თვისობრივად განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სარგებელი მივიღოთ ამ მოცემულობიდან. რუსეთისთვისაც არ არის მიუღებელი შუა დერეფნის ამუშავება, მართალია, უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავს, ჩინური ტვირთი რომ მის ტერიტორიაზე აღარ გაივლის, მაგრამ, სანაცვლოდ, ჩინეთი დამოკიდებული გახდება იმ პარტნიორზე, რომელთანაც რუსების აზრით, თავად უფრო ადვილად გამონახავენ საერთო ენას.

 

- ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

- თუ პრეზიდენტი ზელენსკის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ის თანახმაა მოსკოვის პირობებზე, ოღონდ საკუთარი პირობების დამატების შემთხვევაში. ეს პირობა კი დანაჩენი უკრაინის ნატოში გაწევრებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ვაჭრობის თემაა. მოსკოვისთვის ძალიან საყურადღებო ამბავია, ზელენსკიმ ვერსიის დონეზეც კი რომ დაუშვა აღმოსავლეთ უკრაინის დაკარგვა. კრემლში ფიქრობენ, რომ ზელენსკის ეს მიდგომა ტრამპის ადმინისტრაციისგან არის ნაკარნახები. უკვე ცალსახაა, რომ მხარეები რიგი დათმობებისთვის უნდა მოემზადონ, იმიტომ, რომ ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის დამთავრება. სხვათა შორის, ამ ომის დამთავრება ამერიკაში ძალიან ბევრისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ მოცემულობით ბევრ ფულს შოულობენ. ტრამპი მათი ინტერესების წინააღმდეგაც მიდის. შესაბამისად, ბევრი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ნატრობენ, რომ 20 იანვარი საერთოდ არ დადგეს. ტრამპი თვისობრივად ახალ პოლიტიკას სთავაზობს მსოფლიოს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა ლამის მკითხაობა დაიწყონ იმის გასარკვევად, თუ როგორი იქნება ტრამპის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

 

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ესკალაცია არ მოხდეს?!


- ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგი ვარ, რომელიც კანონის მიღმაა. ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, თუმცა არის მომენტები, როდესაც პასუხისმგებელია მთლიანი პოლიტიკური ელიტა. დღეს ზუსტად ისეთი მომენტია, როდესაც პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება და ოპოზიციასაც. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუ ორივე მხარე გონს არ მოეგება, შეიძლება ხვალ ქვეყანა თავზე ჩამოგვემხოს. ნახეთ, რა ხდება სირიაში, უკრაინაში, როგორ შეიცვალა მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში... ხომ საინტერესოა, რატომ დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში სამხედრო კონტინგენტის საეჭვო გადადგილება, რას უკავშირდება თურქული არმიის გამოცოცხლება, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რატომ გაიზარდა რუსული კონტინგენტი?

 

- თქვენი ვერსიით, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

- ყველა ემზადება სავარაუდო ცვლილებებისთვის, მთელი რეგიონის მასშტაბით. ნუ დაგვავიწყდება, რომ არც სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტია ამოწურული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირანი უმძიმეს მდგომარეობაშია, იმის გამო, რომ მის პოლიტიკურ აქტივობას ფრთები შეეკვეცა და თეირანი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია გასათვალისწინებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ კავკასიის ყელში ხელოვნურად იქმნება კონფლიქტები იმისთვის, რომ რიგი პროექტები არ განხორციელდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მივხდეთ, რომ კომპრომისების დრო მოვიდა. მე მხედველობაში ხელისუფლება და ოპოზიცია კი არ მყავს, არამედ - ხელისუფლება და ქუჩაში გამოსული საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება. ოპოზიციამ უკვე მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია.

 

წყარო

წაკითხვა 92 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.