December 22, 2024

საქართველოში დემონსტრანტების დაკავებაზე მაკრონმა კვლავ ღრმა შეშფოთება გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და კვლავ გამოხატა შეშფოთება დემონსტრანტებზე ძალადობის გამო.

12 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან ევროპაში არჩევნებისას განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე და მაგალითებად მოლდოვა, რუმინეთი და საქართველო მოიყვანა:

„როგორც ვხედავთ, რუსეთისგან იზრდება საინფორმაციო თავდასხმები, მისი გავლენა არჩევნებზე ევროპაში თითქმის ყველგან. ეს თავდასხმები განიცადა მოლდოვამ და მე მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას... ჩვენ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა ამ ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველომ აშკარად განიცადა ძალიან მკაფიო თავდასხმები და მანიპულაციები“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მაკრონმა სოლიდარობა გამოუცხადა „დემოკრატიის მცველებს“ საქართველოში:

„მსურს, კვლავ გავუსვა ხაზი ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველების მიმართ“.

„ასევე მსურს, გამოვხატო ღრმა შეშფოთება ახალგაზრდებისადმი რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების გამო და, არსებითად, ევროპული გზის ღალატის გამო არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად, - რაც სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჰპირდებოდნენ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

წინა დღით ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.

მოგვიანებით ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა „მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა“ (საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური თარგმანის თანახმად, მან ითხოვა „ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება“).

ამასთან:

  • „მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება;
  • ის გამოვიდა მოწოდებით ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა“.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ივანიშვილმა მაკრონს უთხრა, რომ „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“.

ისინი მომდევნო დღეებში ხელახალ კონტაქტზე შეთანხმდნენ.

წაკითხვა 71 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.