December 22, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს

 

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს.

მაკრონი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საფრანგეთი დგას ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.

ამასთან, მაკრონის თქმით, საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ.

“ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?

ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას.

გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!”, - წერია განცხადებაში. 

 

წაკითხვა 104 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.