December 22, 2024

"ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება" - ემანუელ მაკრონი

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება - საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს - ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით.

 

მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.

 

“ძვირფასო ქართველო მეგობრებო! საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?

ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს, ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას! ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია.

ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ“, - ვკითხულობთ ემანუელ მაკრონის მიმართვაში.

წაკითხვა 91 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.