რა ელის საქართველოს 2025 წელს?!- პოლიტიკური მიმოხილვა
“როგორი იქნება ქვეყნისთვის 2025 წელი, გავალთ სამშვიდობოს თუ მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამ საკითხებზე ქართველი ექსპერტები დავით ზურაბიშვილი, ირაკლი მელაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე და რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა ელის საქართველოს 2025 წელს?! / “არავის უხარია, რომ თავის ხელისუფლებას ამერიკა სანქციებს უწესებს, მაგრამ ამის წაყრუება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. პირველ სანქციებს შესაძლოა უფრო მწვავე ნაბიჯები მოჰყვეს“
“ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ჟურნალისტებზე სასტიკი ანგარიშსწორება და არავინ დასჯილა”
“ველოდები, რომ პარლამენტის ახალი არჩევნები გაიმართება და დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის გზას. ჩემი აზრით, გაისად ეს სამი ამბავი აუცილებლად მოხდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალიან ბევრ რამეს თავად ქვეყანაში და, ალბათ, მერე პრეზიდენტიც თავისით გადადგება. ეს ყველაფერი თუ მოხდება, ამით ძალიან მკვეთრ ნახტომს გავაკეთებთ. ანუ, კი არ დავდგებით ისევ ევროინტეგრაციის რელსებზე, არამედ თვისებრივად წინ გადავხტებით. საქართველოში ჩვენ თვალწინ იბადება ძალიან სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ამისთვის ივანიშვილსა და კობახიძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ხალხი ასე გაააქტიურა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქნება ახალი არჩევნები და ამას მოჰყვება პროცესები, რითიც დავუბრუნდებით ევროინტეგრაციას. ტექნიკური მახასიათებლებით ჩვენ ისედაც წინ ვიყავით უკრაინასა და მოლდოვაზე და ახლა გადავასწრებთ კიდეც, თუ არჩევნები გაიმართა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ევროსაბჭოს გენმდივანი აშკარად არ იყო მომზადებული და მოინდომა ცოტა ხელისუფლებისთვის დაეთმო, ცოტაც მონაწილეებისთვის და საბოლოოდ, ორივე მხარის არცთუ დიდი კმაყოფილება გამოიწვია. იმის თქმა, რომ ახლა აგენტების რუსულ კანონს გადააკეთებინებ და ამით მოგვარდება პრობლემა, სასაცილოც აღარაა. ჯერ ერთი, რა უნდა გადააკეთებინო, როცა მთლიანად გასაუქმებელია, თან ეს იმ დროს ხდება, როდესაც ასობით ადამიანი ნაწამები, დაპატიმრებულია, ის კი არის ევროსაბჭოს გენმდივანი, რომლის უმთავრესი მოვალეობა სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვაა და თავისი მანდატიდან გამომდინარე, ის პოლიტიკურ დარეგულირებაზე კი არ უნდა ყოფილიყო მომართული, არამედ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე, და თან ეს ისეთ დროს ხდება, როდესაც ხალხი დაჭერილი, ნაწამები, გასამართლებულია და ვინც ეს გააკეთა, იმათ მედლებს ურიგებენ. ამიტომაც ძალიან არაადეკვატურია ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დიალოგი მიდის და კანონში ცვლილებები მოხდება. თუმცა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ კობახიძემ ესეც არ დაუფასა და თქვა, დისკუსიას გავმართავთო. ზოგადად, რომელ დიალოგზე ლაპარაკი, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და არავინ დასჯილა! ასეთი რამე არ ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
საზოგადოება არ შეეგუება ხელისუფლების თვითნებობას"
“ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველა ვხედავთ ამას, მაგრამ, ჩემი აზრით, იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ახლა ვუსმინე ყაველაშვილს და კაცს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის სახელმწიფო, მით უმეტეს, დემოკრატიული. მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ევროპა ეს არის კანონმორჩილება, მაგრამ კანონმორჩილება ის ჰგონია, რომ, რადგან უმრავლესობაში არიან, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ - აგენტებად გამოგაცხადებენ, აგიკრძალავენ ქუჩაში ისე გამოსვლას, როგორც მათ არ მოსწონთ, გამოხვალ და თავს გაგიტეხს პოლიცია, გაიტაცებენ ადამიანებს და აწამებენ. მისთვის კანონმორჩილება ეს არის, მე უმრავლესობაში ვარ, აი, ახლა პრეზიდენტი გავხდი და რასაც ვიტყვი, იმას როგორ არ ემორჩილებითო. ეს მიაჩნია მას ევროპულ სახელმწიფოდ და ვერ ხვდება, რომ ევროპა აქამდე თავისი ისტორიის განმავლობაში არა კანონმორჩილებამ, არამედ სამართლიანობისთვის ბრძოლამ მოიყვანა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“რადგან ჩვენი ხელისუფლება ასე უყურებს მოვლენებს და ჩვენგან ითხოვს იმ ყველაფრის მორჩილებას, ველოდები, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება უფრო მძაფრ სახეს მიიღებს. მეორე - იქნება სანქციები და ჩვენი იზოლაცია ევროპული და დემოკრატიული სამყაროსგან. არავის უხარია, რომ თავის ხელისუფლებას ამერიკა სანქციებს უწესებს, მაგრამ ამის წაყრუება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. პირველ სანქციებს შესაძლოა უფრო მწვავე ნაბიჯები მოჰყვეს. რაც შეეხება ევროპულ სანქციებს, ის შეზღუდავს ჩვენი თანამდებობის პირების შეხვედრებს, შეიძლება გამონაკლისი იყოს უნგრეთი და სლოვაკეთი, და ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენზე, როგორც სახელმწიფოზე. ეს იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა ევროპული დაფინანსებით ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი გაჩერდება, რაც პრობლემებს შექმნის. მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას მოუწევს რეპრესიების დაწყება, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება არ აპირებს შეეგუოს მის თვითნებობას”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.
სიახლეები
- სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქუთაისის ბიუჯეტი დაამტკიცა
- "მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება"
- საქართველოს პარლამენტი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 2025 წელს ზოდიაქოს ეს ნიშნების ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდებიან