,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი

რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე - აქედან ხალხი ყვირის, „რუსეთს, რა?!“ და იქიდან „მიშას რაო?!“, ისინი პასუხობენ. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვით სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს და მინდა გისურვოთ წარმატება და ამ მაჯლაჯუნების დროზე მოშორება. საქართველო ხელში ჩაიგდო ნამდვილმა მაფიამ, ქოსატყუილა "ისტერიჩკების" ბრიგადამ, ვინც ანადგურებს ყველაფერ ქართულს. ამიტომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, რომელიც ამათ მოშორებას ხელს უწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სხვა პარტიებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა.

ტყიბულში გაათავისუფლეს 150 მეშახტე, პრაქტიკულად, შიმშილისთვის გაწირეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ჩვენი მოძრაობა, რა თქმა უნდა, ამას უნდა გამოეხმაუროს. რა თქმა უნდა, მე გამოვხატავ სრულ სოლიდარობას ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, იმ ახალგაზრდების და არამხოლოდ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უმიზეზოდ, მაგრამ მეგობრებო, მე მინდა ასევე, გთხოვოთ, რომ ხანდახან გაიხსენოთ ისიც, თუ რამხელა უსამართლობა ხდება ჩემს მიმართ. დღეს დილას, რუსულმა რეჟიმმა გამომიცხადა, რომ თურმე კორესპონდენციას ვეღარ მივიღებ. დღეს ადვოკატმა აღარ შემომიტანა კორესპონდენცია, „ფეისბუქის“ ამონაბეჭდები. რუსები არიან, აბა, რა არიან?! ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჩეთ და დავავიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე. რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი,რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა, მე, ყველაზე უარესი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? თქვენ, რა, არ იცით, რისთვის ვზივარ აქ? რა მაქვს მიქარული? ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ? თქვენ ვერ ნახეთ გუშინ, რა მოხდა? ასი ნიღბიანი რომ შეიჭრა და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგვიყვანეს, ვერ ხედავთ და ისევ უნდა გააგრძელოთ ლაპარაკი „სისხლიანი 9 წელი?!“. რა, „სისხლიანი 9 წელი“, რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს პირდაპირ არის „ქოცი“ და ბიძინაზე უარესი „ქოცი“. 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ჩვენ ეს ქვეყანა მაშინ. ტყუილად ხომ არ ყვირიან ის კრიმინალი „ტიტუშკები“ - აქედან ხალხი ყვირის, „რუსეთს, რა?!“ და იქიდან „მიშას რაო?!“ ისინი პასუხობენ. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„მსოფლიოს ძალიან ბევრს ლიდერთან ვმეგობრობ, მაქვს მიმოწერა და ამ მიმოწერას მიჩერებენ იმიტომ, რომ თვითონ აღარავის ელაპარაკებათ და გულზე სკდებიან“-განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მიმართა.

„მე მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც მაგალითად, ხმას არ იღებენ ჩემ პატიმრობაზე - უკაცრავად, მაგრამ ეს გამჭვირვალე გადასახადები, უმარტივესი საგადასახადო სისტემა და დაბალი გადასახადები, თავის დროზე არაკორუმპირებული გარემო, ბიზნესი რეგისტრაცია, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? ასე უნდა დაიბანოთ ხელები და თქვათ, „ის დრო არ მოგვწონდა და იმიტომ გადავირჩიეთ. იმის მერე, რა მიიღეთ ახალი და უკეთესი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნაზე „წამსვლელი არ არის“. „რა თქმა უნდა, არანაირ არჩევნებზე ესენი წასვლას არ აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ „ძალა აღმართს ხნავს“. ძალა, თუ აღმართს ხნავს, ძალა არის ხალხში, მთავარია ამ ძალას უნდა დაორგანიზება. ჩემს წიგნს ჰქვია „ძალის გამოღვიძება“. ამ ძალას სჭირდება დაორგანიზება, ერთ მუშტად შეკვრა და მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს მაფიოზური სისტემა. მაფიოზები ძალიან მშიშარები არიან.გუშინ, კალაძემ რომ მიიყვანა და მორიგჯერ რომ გამოაბუნძულეს თავისი იმიტირებული ზეიმიდან ეს კრიმინალური ელემენტები, ნახეთ, როგორ მალავდნენ სახეებს? ყველა მაფიოზს, ცალ-ცალკე, ძალიან ეშინია. მათ ძალა არ აქვთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 81 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.