„ხალხის დაუღალავმა ბრძოლამ „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი არსებითად შეარყია“ - ნინო კალანდაძე
რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მარშით სხვადასხვა ლოკაციებიდან ყოველ დღე პარლამენტის წინ იკრიბებიან.
მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
გაიმართება თუ არა ახალი არჩევნები? რა შედეგს გამოიტანს აქციები? ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge-ს "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე ესაუბრა:
- აქციებმა შედეგი უკვე გამოიღო. რომ არა მოქალაქეების სიჯიუტე და შეუპოვრობა, 25 ნოემბერს ყველაფერი დასრულებული ჩანდა. სწორედ უწყვეტმა აქციებმა, ხალხის დაუღალავმა ბრძოლამ და ამ ბრძოლაზე რეჟიმის სისასტიკით გამორჩეულმა, სადამსჯელო პასუხმა გახადა შესაძლებელი საერთაშორისო ფინანსური სანქციები რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, რამაც არსებითად შეარყია „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი - კორუმპირებულ ადამიანთა ის მასა, რაზეც დგას ძალადობრივი რეჟიმი. ამ აქციების შედეგია ეუთოს უმკაცრესი დასკვნაც, რომელიც, მათ შორის რუსული ტრადიციული გავლენების გათვალისწინებით, შესაძლოა, გაცილებით უფრო ლმობიერი ყოფილიყო რეჟიმის მიმართ. ამ დასკვნამ კი, რომელიც იანვრის ნაცვლად დეკემბერში გამოქვეყნდა, ევროპის ყველა დედაქალაქს გამოაცალა საფუძველი, აღიაროს არჩევნების შედეგები და ლეგიტიმაცია მიანიჭოს ოლიგარქის რეჟიმს. რამაც ძალიან ხელშესახები გახადა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე. ამან კი, დამატებით ბზარი შეიტანა და მოარყია ოცნების საძირკველი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითკმაყოფილების საფუძველი გვაქვს. ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს და რეგიონში რუსეთის გავლენების გამყარების ბოლო შანსს. ამიტომ, ივანიშვილი და მისი კრიმინალური და კორუმპირებული კლანი ასე მარტივად არსად წავა. არც არჩევნებს დანიშნავენ ნებაყოფლობით, თუ შიდა და გარე ზეწოლა არ შენარჩუნდა და გაძლიერდა.
- გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მთავარი პოლიტიკური ცენტრი?
სპეკულაციური იქნება ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. მე არ ვიცი რამდენად ეყოფა სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი საიმისოდ, რომ ის გახდეს მაკონსოლიდირებელი რეალური ძალა.
- ტრამპის ინაუგურაციის მერე საგარეო სივრცეში როგორ პროცესებს ელოდებით და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე?
ტრამპი, რამდენადაც არაორდინალური პიროვნებაა, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი დემოკრატიის სახელმწიფო მეთაურია, სახელმწიფოსი, რომელიც იმართება ინსტიტუტებით და არა პარტიებით. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით არ და ვერ შეიცვლება - ინსტიტუციური მემკვიდრეობითობა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ძლიერი დემოკრატიის. ამასთან, უკვე ვისმენთ, რომ ყველა ორპარტიული გადაწყვეტილება მიღებული უკრაინასა და საქართველოსთან, მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირდებით, დარჩება ძალაში და გადახედვას არ დაექვემდებარება. აშშ. სტრატეგიული მოკავშირეა საქართველოსი და მის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა დარჩება უცვლელი.