რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე

“ქართულმა ოცნებამ” 20 იანვართან დაკავშირებით როტორიკა შეცვალა - მმართველი პარტია აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ძველებურად დიდ იმედებს აღარ ამყარებს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ტრამპი რეალურად არაფერს არ შეცვლის “ოცნების” სასიკეთოდ. თავად “ოცნების” განცხადებებში ახალი ტერმინი “დიფ სთეითი” გაჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თუ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი “დიფ სთეითისგან” გათავისუფლდება”, ეს საქართველოზეც დადებითად აისახება. “ეს იდეა თავიდანვე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება”,- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. 24 დეკემბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჩვენს გასაკეთებელს არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული სახელწიფოს წარმომადგენელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

 

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ “დიფ სთეითი” დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, რა გავლენები აქვს მას, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია...” - განაცხადა კალაძემ, 15 დეკემბერს კი კალაძემ თქვა, რომ აშშ-ს სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაფერი 20 იანვრის მერე დასრულდება. “20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში. სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა... დღეს, რაც ხდება არის უსამართლობის სრული პიკი, ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის”, - თქვა კალაძემ. “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი 23 დეკემბერს განაცხადა, რომ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვარზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - “დიფ სთეითის” დამარცხება. ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სთეითს" და რას გულისხმობენ ამაში - როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი... შესაბამისად, ეს არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, ამ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი 22 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედოვნებს, “დიფ სთეითის” პრობლემა “სრულიად დაიძლევა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით “დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება”, - განაცხადა პრემიერმა. 9 დეკემბერს კი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას 20 იანვრის ეშინია და “ოცნება” ოპტიმისტურადაა განწყობილი. “20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით, “ოცნება პირიქით, ოპტიმისტურად არის განწყობილი”, - დასძენს გამოცემა.

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ 20 იანვარზე ოპტიმისტური მოლოდინი და განცხადებები პროპაგანდის ნაწილი იყო და თავად კარგად იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ოცნების” მიმართ ლოიალური არ იქნება. “ეს იდეა თავიდავნე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. 28 ნოემბრიდან 20 იანვრამდე ფაქტიურად ორი თვე იყო დარჩენილი და ხელისუფლებას პროპაგანდისთვის ნამდვილად აწყობდა. მშვენივრად იცოდნენ და ჩვენც ვიცოდით, რომ ასეთი იმედები ფუჭი იყო. ახლა უკვე 20 იანვარი მოდის და ხელის გულზეა და იქამდე რომ ეს ელაპარაკათ, ტრამპისა და მისი პოზიციისადმი აღვირახსნილი პროპაგანდა გაეწიათ და იანვრის შემდეგ უცებ გამოჩნდებოდა, რომ თურმე ასე არაა, ეს უფრო ცუდად იმოქმედებდა, ახლა პროპაგანდას ნელ-ნელა დაბლა უშვებენ და თან ცდილობენ შეცვალონ ამ განცხადების და პროპაგანდის შინაარსი”, - მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “ახლა ამბობენ, რომ თუ გაამართლებს ტრამპი ჩვენს იმედებს ხომ კარგი, თუ არა და ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“უკვე დაიწყეს არა მარტო შერბილება, არამედ იმ პროპაგანდისტული თეორიის უარყოფა, რაც მათ ჰქინდათ, თორემ თვითონაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არანაირი ტრამპის მოსვლა ჩვენთან ურთიერთიბაში არაფერს არ შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრატეგიულ მეგობარ აშშ-ს სტრატეგიული მეგობარ ჩინეთით ანაცვლებ და ამაზე იმედები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კეთილგანწყობილი იქნება, ეს ხომ გამორიცხულია? ამისთვის პოლიტოლოგობაც არაა საჭირო. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა ძაბირაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის თქმით, ადრე უფრო მძიმე სიტუაცია იყო და ოპტიმისტური განცხადებები უფრო საჭირო იყო. “ახლა სიტუაცია შერბილდა, ასეთი მკვეთრი განცხადებების აუცილებლობა აღარაა და დაიწყო უკვე ზრუნვა იმაზე, რომ არ აღმოჩნდეს მოსახლეობა უფრო დიდ მოლოდინში, ვიდრე რეალობას შეესაბამება. რა თქმა უნდა, ისედაც ცხადი იყო, რომ 20 იანვარი არარეალური თარიღია - როგორ წარმოგვედინა ახლა, ტრამპი ფიცს დადებდა, მერე შეტრიალდებოდა და იტყოდა საქართველოში რა ხდებაო? ალბათ მართლაც ბევრმა იფირა, რომ ტრამპი როგორც კი ფიცს დადებს, გონება პირდაპირ საქართველოსკენ გაექცეოდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და ეგ არც იგულისხმებოდა”, - აღიარებს საყვარელიძე”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება”,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” ეს მირაჟიც უქრება”. “რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ. ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს. თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება”, - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება”,- წერს ნიკა მელია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 90 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.