"ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი"- ირაკლი კობახიძე

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება.

 

„რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად, არ მიკვირს ევროკავშირის ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა.

 

„ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი.

 

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე.

 

„ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრი დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება, ყველაფერი დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობებია.

 

„რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია დღეს არის სუიციდის მდგომარეობაში, აწარმოებენ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება.

 

მისივე თქმით, 2025 წელი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალების წელიწადი უნდა იყოს.

 

„ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა", სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 46 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.