რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება კავკასიაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე

აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა “მთავარ ეტაპს” აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს.

ლავროვი “3+3” ფორმატის გააქტიურების მოთხოვნით გამოდის, ხოლო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო დროს კურსი დასავლეთისკენ აიღო. სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს “სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ”, ხოლო გუშინ, 14 იანვარს, ოფიციალურად გახდა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. ფაშინიანი ამბობს, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა ახლა ყველაზე მეტად არის “პრაქტიკული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება კავკასიაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე.

 

“ახლა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე. ვცდილობთ, ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე განვავითაროთ” - ააცხადებს ფაშინიანი. იგი საუბრობს თურქეთსა და აზერბაიჯანთან მიღებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ “სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას”. “ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა”, - წერს ფაშინიანი. თურქეთი დღეს ჩართულია “მდუმარე კონფრონტაციის რეჟიმში” ყველასთან, გარდა სირიისა. ირანის გეოპოლიტიკური ამოცანები, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა, იგულისხმება “შიიტური სარტყელი” - ბეირუთიდან იემენამდე, ამერიკამ და ისრაელმა დაშალეს. აზერბაიჯანმა „ყარაბაღის ომის" შემდეგ ვერ მიიღო შედეგები, რასაც ომის შემდეგ ელოდა სომხეთიდან. ხოლო რუსეთი საომარ მოქმედებაშია ჩართული. თუ რა ხდება დღეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ რეგიონში არანაირი ძალთა ბალანსი აღარ არსებობს, ახლა ყველა ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე პოლიტიკური ამოცანები გადაწყვიტოს. ამ ვითარებაში საქართველო, ფაქტობრივად, ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რადგან გვაქვს გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ამიტო ძალთა ბალანსის ცვლილებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. 3+3 ფორმატი არის რუსეთის მიერ ამუშავებული პროგრამა, რომელიც თურქეთს გაახმოვანებინეს”, - ამბობს არეშიძე და კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც “მეორე რანგის” მოთამაშე ევროპულ გზაზე, ამბობს, რომ “არ შეუძლია” და რომ სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, სომხეთი-აზერბაიჯანის პოლიტიკური ვითარება მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან აზერბაიჯანი დღეს დასავლეთის აზრს არ ითვალისწინებს. ერთადერთია აშშ, რომელსაც გარკვეულ ანგარიშს უწევს, ხოლო აშშ-ს პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მიუხედავად სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, მკაფიო არაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ყარაბაღის ომის შემდეგ დოკუმენტით, რომელსაც სომხეთმა ხელი მოაწერა, სადავო ტერიტორიას, ზანგეზურის დერეფანს, გააკონტროლებდა მესამე ძალა. ასე რომ, ერევნისა და ბაქოს აღქმები განსხვავებულია: აზერბაიჯანი თვლის, რომ ეს ტერიტორია უნდა აკონტროლოს ან თურქეთმა, ან თვითონ, ხოლო ერევანი ფიქრობს განსხვავებულად” - თვლის არეშიზე. იგი აღნიშნავს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა, იმედოვნებს, რომ “ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ რუსეთი და აშშ მოილაპარაკებენ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ იმ სავაჭრო გზების კონტროლში, რომელმაც მომავალში აქტიურად უნდა გაიაროს სამხრეთ კავკასიაში. თუ ეს ორი ლიდერი ხელშეუხებელი ზონის მონიშვნას შეძლებს, საუკეთესო სცენარი გათამაშდება”- დაასკვნის არეშიძე, რომლის მტკიცებით “სხვა შემთხვევაში ეს გზები ვერ იმუშავებს და ეს იქნება დამღუპველი რეგიონისთვის”, - დასძინა გამოცემა.

წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.