January 30, 2025

"სად დავუხარეთ თავი რუსეთს? შევუერთდით 600-ზე მეტ რეზოლუციას და აქტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში"

 

„დიფ სთეითი“ თუ ვერ დამარცხდა, ეს იქნება პრობლემა არა მარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ იქნება პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება ეს ბევრად დამოკიდებული. ვიქონიოთ ოპტიმისტური მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ ვერდამარცხება პრობლემა იქნება არა მარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან „დიფ სთეითი“ დაკავებულია მსოფლიოს მასშტაბით ომების გაჩაღებით და უამრავი პრობლემა შეუქმნა არაერთ ქვეყანას.

„ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა ან სხვა ქვეყნები, აღარ მინდა, ყველა ჩამოვთვალო. „დიფ სთეითის“ ვერდამარცხება მთლიანად მსოფლიოსთვის იქნება პრობლემა, არა მარტო საქართველოსთვის. „დიფ სთეითის“ პოლიტიკამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე უკრაინა და საქართველოს მიმართაც ჰქონდა „დიფ სთეითს“ უკრაინიზაციის პირდაპირი ინტერესი და ამასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გვაქვს გავრცელებული, არსებობდა პირდაპირი ინტერესი.

რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ არ გაქვთ კითხვა, რატომ არ მოხდა იგივე საქართველოში? იმიტომ, რომ ჩვენ არ ავყევით „დიფ სთეითის“ სცენარს. იყო ომის სცენარი. პირველი ფრონტის სცენარი იყო უკრაინაში, მეორე ფრონტის სცენარი იყო საქართველოში. შეიძლებოდა, ჩვენ ვერ გაგვეძლო ზეწოლისთვის და ეს იქნებოდა „დიფ სთეითის“ სცენარზე აყოლა. ჩვენ რომ ვერ გაგვეძლო ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, ამ შემთხვევაში ავყვებოდით „დიფ სთეითის“ სცენარს, რაც სამწუხაროდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი უკრაინის შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, 10 მილიონამდე ადამიანი არის ლტოლვილად ქცეული, 3 მილიონი არის გახიზნული რუსეთში, დანარჩენი გახიზნულია ევროპაში და სხვა ქვეყნებში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი არის დაკარგული და განადგურებული. დაღუპულებზე აღარაფერს ვამბობ, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, გენოფონდი გაუნადგურეს უკრაინას. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ უკრაინაში ვერ გაუძლეს „დიფ სთეითის“ ზეწოლას და შანტაჟს, რასაც გავუძელით ჩვენ.

რაღაც მოხდა უკრაინაში და იგივე არ მოხდა საქართველოში. მე განსაკუთრებულად სიღრმეებში ვერ შევალ, რადგან ყველა კარტი რომ გავხსნა, ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიღაც ვიღაცებთან რაღაც ხიდები დაიწვას. ამიტომ ყველა კარტს ვერ ვხსნი. თქვენ დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვა, რატომ მოხდა უკრაინაში ის, რაც არ მოხდა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ამასთან, შესაბამის კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ისეთი რამ, რაც აჩვენებდა, რომ ქვეყანა ღიად დასავლეთისკენ არ მიდიოდა.

„საიდან დაინახეთ, რომ ჩვენ არ მივდიოდით ღიად დასავლეთისკენ, რა არ გავაკეთეთ? ჯერ ავიღოთ 2022 წლის დასაწყისი და 2021 წლის ბოლო. რა ნაბიჯი გადადგა უკრაინამ ისეთი, რაც არ გადაუდგამს საქართველოს? გამახსენებთ ერთი ნაბიჯი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ DCFTA-ის, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის. სად იყო, რა იყო ეს ნაბიჯი, რამაც განაპირობა, რომ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა საქართველოში, მაშინ, როდესაც საქართველოში ამის გაკეთება იქნებოდა უფრო მარტივი რუსეთისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იყო პროცესები, რამაც საბოლოო ჯამში მდგომარეობა მიიყვანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, საქართველომ კი ყველაფერი თვიდან აიცილა.

„დიფ სთეითს“ აქვს თავისი გავლენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „დიფ სთეითმა“ მოაწყო რევოლუცია სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენ ხომ ხედავდით, რომ ძალიან დიდი ძალები ჰყავდათ ჩართული საქართველოს წინააღმდეგ. ხომ ხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ იყენებდა ამერიკის და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს, ლამის ნახევარი მსოფლიო დაგვიპირისპირეს და ვერ დაგვამარცხეს. ასე იყო რეალურად, მაგრამ თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოს უპირისპირდება ამერიკა და ევროკავშირი და ჩვენ გიმტკიცებთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი კი არ გვიპირისპირდება, გვიპირისპირდება „დიფ სთეითი“. ხომ გახსოვთ, ოპოზიცია რას გვთხოვდა? ოპოზიცია გვთხოვდა ინტენსიურ მილიტარიზაციას, ანუ გამოხატულ ინტენსიურ მილიტარიზაციას. ჩვენ გვთხოვდა აგრესიულ რიტორიკას, უხეშ რიტორიკას, ამას რომ არ ვაკეთებდით, გვეძახდნენ პრორუსულ ხელისუფლებას და იგივეს აკეთებდა, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება. ეს იყო იგივე აგრესიული, უხეში რიტორიკა, ყოვლად უსარგებლო, უხეში და აგრესიული რიტორიკა. ეს იყო უხეში დამოკიდებულება მინსკის შეთანხმების მიმართ, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესები, ეს იყო ინტენსიური მილიტარიზაცია და ა.შ. იყო პროცესები, რამაც საბოლოო ჯამში მდგომარეობა მიიყვანა რუსეთის სამხედრო აგრესიამდე უკრაინაში. ჩვენ ავიცილეთ ეს ყველაფერი თვიდან საქართველოში. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მიდიოდა ამ ომამდე და ჩვენ რომ რაღაცებს არ ვაკეთებდით, რასაც ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და რასაც ითხოვდნენ მათი პატრონები, ამიტომ არ მოხდა საქართველოში ის, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინის ბრალია ომიო, მე ეს არ მითქვამს. უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან – ეს სხვა დასკვნაა. უკრაინამ თავიდან ვერ აიცილა ის, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

სად დავუხარეთ თავი რუსეთს, ერთი ფაქტი მითხარით, სად დავუხარეთ თავი რუსეთს? შევუერთდით 600-ზე მეტ რეზოლუციას და აქტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სად დავუხარეთ თავი რუსეთს? ოპოზიცია სხვა რამეს ითხოვდა. იმას კი არ ითხოვდა, რომ თავი არ დაგვეხარა, ითხოვდა თავით შესვლას ომში, ეს არის, რასაც ითხოვდა თქვენი ოპოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ შეკითხვებზე პასუხისას.

 

 

წაკითხვა 83 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.