საია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.

 „უკანონო პატიმრობაში მყოფი “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება“, - წერს ორგანიზაცია 27 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ასევე,  მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

საია წერს, რომ მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას წინა კვირას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

„ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღეს, პენიტენციური სამსახური არ ამბობს, როგორ არის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ინფორმაციას არ გასცემს, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე იმართება აქციები.

ამაღლობელმა შიმშილობა 2015 წლის 12 იანვარს დაიწყო, ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბათუმში. პატიმრობის შეფარდების შემდეგ ის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, სრული შიმშილობა - რაც ამაღლობელს აქვს გამოცხადებული - ნიშნავს, რომ „ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს“.

საკვებზე ხანგრძლივად უარის თქმა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის უმეტეს ორგანოებსა და სისტემებზე, იწვევს კუნთების სისუსტეს, დაუცველობას ინფექციების მიმართ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და, საბოლოოდ, ორგანოთა უკმარისობას. თუ ადამიანი, რომელიც იწყებს შიმშილობას, ჯანმრთელია პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენებამდე და შიმშილობისას განაგრძობს სითხის მიღებას, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ სიკვდილი დაემუქროს.

25 იანვარს, ვატიკანში სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელზე ისაუბრა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა-ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ.

საკუთარ სასამართლო პროცესზე სწორედ მარია რესას წიგნი ეჭირა მზია ამაღლობელს - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა იგი შიმშილობას 16 დღეა, აგრძელებს.

„როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - თქვა 23 იანვარს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ. მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.

 

 

წაკითხვა 85 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.