February 1, 2025

"დღევანდელი ბრძოლა იმისკენაა მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, წაგვიყვანოს იქ, სადაც თვითონ უნდა წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი

დღევანდელი ბრძოლა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, წაგვიყვანოს იქ, სადაც თვითონ უნდა წასვლა. მარტო წავიდეს - როდესაც პროტესტს სახე და სახელი აქვს, ეს ძალიან ძლიერი იარაღია და ამ იარაღს მზია ამაღლობელი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს მხარეს დადგა, დანარჩენი კი საზოგადოების გასაკეთებელია, „რათა არ მივიდეთ იმ ზომამდე, როდესაც იზოლაციაში აღმოვჩნდებით“.

„მიმაჩნია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, დასვა ძალიან სწორი პირობები. მეორე მხრივ, იმთავითვე არ შეწყვიტა დელეგაციის უფლებამოსილება და ეს კარგად გააზრებული იყო, რადგან ეს დაამძიმებდა საქართველოს იზოლაციას. ეს არ არის არც მათი, არც ჩვენი მიზანი, ერთადერთი შეიძლება „ქართული ოცნების“ მიზანი იყოს, რომ საქართველო უფრო ღრმა იზოლაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო, პასუხი კი, რაც ქართულმა დელეგაციამ გასცა, ძალიან არასწორი იყო. ეს გასაკვირი არაა სწორედ იმიტომ, რასაც ვხედავთ და ვესწრებით ბოლო პერიოდში, არის ნაბიჯი ნაბიჯზე, რაც იმისკენ მიდის, რომ საქართველო გამოთიშონ პარტნიორებისგან, თანამეგობრებისგან, რაც იყო საყრდენი დამოუკიდებლობიდან დაწყებული და ჩაგვაყენონ ისეთი იზოლაციაში, სადაც ერთადერთი მეზობელი, პატრონი დაგვრჩება, რომელთან ურთიერთობაც თანასწორობაზე არასდროს იქნება აგებული. ამიტომ, ჩვენთვის იზოლაცია დამღუპველი და მიუღებელია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და პირიქით, გავაძლიეროთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ამაშიც, მზია ამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის ქვეყნები [პარტნიორები], რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია, როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მაგრამ როდესაც ამ პროტესტს სახე და სახელი აქვს, იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ბოლომდე ვერ ვხვდებით, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს მზია ამაღლობელი ჰქვია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარზეც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მეორე ზარი არ ყოფილა.

„შევხვდი [ემანუელ მაკრონს] რამდენიმე დღის წინ ამერიკაში ყოფნის შემდგომ. ხელი ნამდვილად არ ჩაუქნევია საქართველოზე, არც იმ ძალიან მძაფრ საკითხებზე, რასაც პოლიტიკური პატიმრები ჰქვია, ან ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხები. არ გამოვრიცხავ, რომ ხელი ივანიშვილზე ჩაექნია, მაგრამ ეს ჩემი სათქმელი არაა. მეორე ზარი, როგორც ვიცი, აქამდე არ ყოფილა, არ ვიცი, აპირებს თუ არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 48 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.