"მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ?" - გიგი უგულავა
აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? - ამის შესახებ „თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება კანონში ახალი ცვლილებები.
„ჩემს თავზე საუბარს არ ვაპირებ, აბსურდი იყო, რაც მოხდა. მინდა შეკითხვა დავუსვა აქ წარმოდგენილ ადამიანს, სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ცემას, გაუბედურებას? იმედი მაქვს, როცა სახლში მიბრუნდებით, ამ შეკითხვას საკუთარ თავს უსვამთ, ან ოჯახის წევრები დაგისვამენ. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? მიზანი თუ არის რომ მსოფლიოსგან იზოლირებული, ჩამორჩენილი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელიც ერთი ადამიანის წარმოუდგენელ ოცნებებს ემსახურება, არ მგონია, ეს თქვენი და თქვენი შვილების ოცნება იყოს... ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ, ის ცვლილებები, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიდა, დიქტატორი იანუკოვიჩის ცვლილებებს იმეორებს, ჩაფხუტს აუკრძალავთ, რომ დაიხუროს? ქვას დაიხურავს. დგომას აუკრძალავთ ქუჩაში? სხვა ფორმას იპოვის. გვასამართლებთ კანონით, რომელიც არ არსებობს. ქვეყანას ტილივით მოედო კრიმინალი და იმის ნაცვლად, ამას მიხედონ, 20 წლის ბავშვი ჰყავთ დასისხლიანებული. ეს არის მშვიდობა? ამას ხომ ბოლო არ აქვს? სახლში რომ მიხვალთ, დაფიქრდით, ამის მიზანი რა არის და რა შედეგის დადგომა გინდათ ამ ქვეყნისთვის? მზია ამაღლობელი უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის, თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა ვერ გაჩერდება და არ გაჩერდება. ყოველ დღეს ეს სოციოპათიური რეჟიმი აუბედურებს, ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ. მეოთხე პატიმრობა მაქვს თუ მეხუთე, ვეღარ ვითვლი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ?თავისუფლება მზია ამაღლობელს",- განაცხადა უგულავამ.
სიახლეები
- სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა არ მისცეს
- "დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს - იგივე “დიფ სთეითს” და “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე"
- "საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს - ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, ინვესტიციები სრულად გაჩერებულია" - სალომე ზურაბიშვილი
- "გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზეც" - ირაკლი კობახიძე
- "ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, აუცილებლად გვექნება პოზიცია" - სახალხო დამცველი