გამკაცრებული კანონმდებლობის გავლენა პროტესტის დინამიკაზე - ოპოზიციისა და ხელისუფლების საგაზაფხულო მანევრები

“პროტესტის პარალელურად “ქართული ოცნება” კანონმდებლობას ამკაცრებს, ცვლილებები შევიდა “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში, რომლითაც გამკაცრდა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კითხვაზე, ახდენს თუ არა ეს გავლენას მიმდინარე პროტესტზე, ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

“მართალია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ ის, რომ ამან რაღაც საოცარი ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში და კატასტროფული აქციები ჩატარდეს, ამის პირობები დღეს არ არის. კანონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ. “გავლენას ახდენს იმ მხრივ, რომ ადამიანები კიდევ უფრო მკაცრდებიან და კიდევ უფრო შეუპოვარნი ხდებიან. ხვდებიან, რომ ეს რეჟიმი ძალიან სუსტია, მხოლოდ კანონების შეცვლა შეუძლია და სხვა არაფერი...”, - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამკაცრებული კანონმდებლობის გავლენა პროტესტის დინამიკაზე - ოპოზიციისა და ხელისუფლების საგაზაფხულო მანევრები.

 

“რომაელები ასეთ რამეს ლაპარაკობდნენ - “ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია”. ამიტომ “ქართული ოცნების” მიერ ახლა მიღებული კანონები წარმოადგენს იმ აუცილებელ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა კანონი მოსწონდეს, ეს ყოვლად გამორიცხულია. მართალია აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ ამან რაღაც საოცარი ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში და კატასტროფული აქციები ჩატარდეს, ამის პირობები დღეს არ არის. კანონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს, საქართველოში მოქმედებს “მეხუთე კოლონა”, ეს ის ხალხია, რომელიც რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღო საქართველოში და ააყვავო, მაინც უკმაყოფილონი იქნებიან. ასეთები თითო-ოროლაღა არიან და ესენი საქართველოს განვითარებაზე ზეგავლენას ვერ მოახდნენენ”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე, რომელი გაზაფხულიდან მუხტის გააქტიურებას არ ელის. პაატა ზაქარეიშვილი კი ამტკიცებს, რომ “ოცნებამ” უკუეფექტი მიიღო კანონების გამკაცრებით, მისი თქმით, ახლა საპროტესტო ტალღის უფრო გააქტიურებაა მოსალოდნელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რაც “ქართულ ოცნებას” უნდა. პირიქითაა, გავლენას ახდენს იმ მხრივ, რომ ადამიანები კიდევ უფრო მკაცრდებიან და კიდევ უფრო შეუპოვარნი ხდებიან. ხვდებიან, რომ ეს რეჟიმი ძალიან სუსტია, მხოლოდ კანონების შეცვლა შეუძლია და სხვა არაფერი, დაშინებაზე გადადის, მას არ ჰყავს პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, რომ სიტუაცია მართოს. მათ ახლა იმედი აქვთ, რომ ამ გამკაცრებით ხალხს შეაშინებენ, მაგრამ არა. არსებობს სოლიდარობის რაღაც ფონდი, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, ისინი ფულს დებენ. აშკარად ჩანს, რომ არ დაიღალნენ, როგორც ივანიშვილი თვლიდა, საზოგადოებას დაღლა არ ეტყობა და კრიტიკულ სიტუაციებში, მნიშვნელოვანი თარიღების დროს ბევრი ხალხი გამოდის. ალბათ “ოცნება” დააკვირდება ვინ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, რა ფორმით მოხდება ძალაუფლების მითვისება. არჩევნების შემდეგ ალბათ სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კანონების გამკაცრება ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, ის თავის ხალხს არ იცნობს, მას რომ სცოდნოდა ვინ არიან ის ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიან და საერთოდ საქართველოს მოქალაქეები სცოდნოდა, უფრო ადრე გაამკაცრებდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“მათ იმედი ჰქონდათ, რომ ახალი წლის დღეებში საცივში ჩავიხჩობოდით. ახალი წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ხალხი არ აპირებს დაღლას, სახლში წასვლას და ამიტომ ამ მიმართულებით გამკაცრება დაიწყეს და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისინი საქართველოს საერთოდ არ იცნობენ. საქართველო ლიდერია პოსტ საბჭოთა სივრცეში და არა მარტო, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მშვიდობიანი ფორმებით, ამიტომ აშკარაა, რომ მათ ვერ გათვალეს ქართველი ხალხის ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე პრინციპულობა და ახლა იძულებულები არიან რაღაც ცვლილებები მიიღონ. ამ კანონებმა უკუშედეგიც კი მიიღო “ოცნებისთვის”, ხალხს არ ეშინია, გამოდიან, საჩივრები შეაქვთ სასამართლოში. ახლა სასამართლოებში საქმეები გაიჭედება, წავა და წავა უფრო ზემოთ და არაა გამორიცხული, რომ სტრასბურგში კოლექტიური სარჩელი წავიდეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწიოს გადაუხადოს ამ ხალხს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები, ან უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება. არაა გამორიცხული ეს ჯარიმები არჩევნების მერეც ჩამოწეროს, გასაჩივრება აუცილებელია, ამ კანონების გამკაცრებით ნურავინ ნუ შეშინდება, პრინციპულად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

 

“ქართულმა ოცნებამ” 3 თებერვალს დაანონსებული შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით 6 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო. წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში; სხვადასხვა ადმინისტაციული დანაშაულისთვის, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ვანდალიზმისთვის, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, სასამართლოების შესასვლელების ბლოკირებისთვის, ჯარიმა და დაკავების პერიოდი იზრდება. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა; თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა; ძალადობისკენ საჯარო მოწოდება ჯარიმის ნაცვლად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება; პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა და ძალადობის გამოყენება ახლა მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“პოლიციაზე, სახელმწიფო ხელისუფლებაზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმას ახალი დამამძიმებელი გარემოებები განესაზღვრა: ამ დანაშაულების ჯგუფურად, სხვადასხვა პირობებში და სახიფათო საშუალებებით ჩადენა; პოლიციელების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების დანაშაულზე სასჯელი გაიზარდა. ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა. კერძოდ, ასეთი სამართალდარღვევა, რომელიც მანამდე 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, უკვე 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება პოლიციელის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით. განმეორებითი დანაშაული ისჯება ჯარიმით 3 500-6 000 ლარამდე (მანამდე ეს ოდენობა 3 500-4 500 ლარით და 7-15 დღით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრებოდა). განმეორებითი ვანდალიზმისთვის თავისუფლების აღკვეთა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება. პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით (ადრე ისჯებოდა ჯარიმით 2 000-დან 3 000 ლარამდე ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთით) ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატს და ამ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე პირველი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ესენია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება - ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა 1991 წლიდან ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ნორმა 2007 წელს კოდექსიდან „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ამოიღეს. ამასთან, “ოცნება” აანონსებს “მედიის კანონს” და “ფარას” ქართულ ანალოგს, რომელიც “ოცნების” თქმით, ამერიკულიდან სიტყვა-სიტყვით თარგმნეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 60 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.