March 15, 2025

9 წელი “9 მილიონის საქმეზე” - როდემდე დარჩება ციხეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი

“მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, საქმიდან “ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს”, რადგან მისივე განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 9 წელი “9 მილიონის საქმეზე” - როდემდე დარჩება ციხეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

 

“თეიმურაზ ჯანაშია გახლდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით. მისმა ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მილიონზე მეტი ლარით, მხოლოდ მატერიალურ ზიანშიც არ არის საქმე, არამედ - მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის... ასე რომ, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ისეთი დანაშაულის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მან სწორედ ამ დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს”, - განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მიხეილ სააკაშვილი შს სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ამავე დღეს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა საბიჯიუტო თანხების გაფლაგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია “იმედის” 2007 წლის დარბევის საქმეზე. მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. შესაბამისად, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა, სააკაშვილის 2031 წლამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. “დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება...”, - დაადგინა სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მედიას წერილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააცნო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, „ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ, მოიძიონ, რომ ის საქმე, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ, როგორც “პიჯაკების საქმეს”, რეალურად არის “ცხრა მილიონის საქმე”, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე”, - დასძენს გამოცემა.

 

“სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციაში არ გაკვირვებიათ და ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან “სასამართლო არის კორუმპირებული”. გიგი უგულავას განცხადებით, “ეს მოსამართლე არის ამ “კლანის” ნაწილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, პირველი დღიდან ასეა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაპატიმრებულია. “ამ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი არის ერთი რამ, ამ სისტემამ ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. თემურ ჯანაშია იყო შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი. ეს სისტემა ბრუტალურია, ნებისმიერს დაიჭერს, ხელი არ აუკანკალდებათ, მაგრამ მათ მოერიდათ და შეეშინდათ საკუთარი დაცვების. ის ხალხი, ვინც მათ იცავს, ძალიან კარგად იცნობს თემურ ჯანაშიას, მათ მოერიდათ და საკუთარი დაცვის შეეშინდათ”, - განმარტა უგულავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 51 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.