მიღწევადია თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები - რა რეალურ შედეგზეა ორიენტირებული პროტესტი
“ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს “ქართული ოცნება” ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახალი არჩევნები ფაქტობრივად გამორიცხულია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ დღეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნაა, თუმცა, ოპოზიციას სამუშაო აქვს ჩასატარებელი ხალხში. ხოლო “ძლიერი საქართველოს” წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს. როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები”, - წეს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიღწევადია თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები - რა რეალურ შედეგზეა ორიენტირებული პროტესტი.
“ოპოზიციის საქმე ისეა, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ახალი არჩევნების ჩატარება ისევეა მოსალოდნელი, როგორც ბაბუაჩემის დაბრუნება. დღეს ახალი არჩევნების ჩატარების არავითარი საჭიროება არ არის, ეს ჩვენთან ხალხს არ უთხოვია. თუ რაიმეს თავი აქვთ, აგერ ბატონო ადგილობრივ არჩევნებში დაამტკიცონ. მიიღონ მონაწილეობა და ნახონ რა შედეგს მიიღებენ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ გადადგეს “ქართული ოცნება” და ქვეყანა მათ ჩააბაროს, მაგრამ ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. მათი საქციელი არის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ილაპარაკონ და იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნაა, თუმცა, ოპოზიციამ სხვა ასპექტებიც უნდა გაითვალისწინოს. “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდების პარალელურად, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო, აუხსნან რატომ არის ოპოზიცია უკეთესი, რას სთავაზობს უკეთესი საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის. “ოცნება” მაინც დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა, ჯერჯერობით ამას წარმატებით ახერხებს, - ვგულისხმობ ხალხის დარწმუნებას, რომ “ოცნება” რომ არ ყოფილიყო, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული და ამის გარანტი მარტო “ქართული ოცნებაა”. დღეს ახალი არჩევნების საკითხი ნაწილობრივ მიღწეულია იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი დღეა პროტესტი მიდის და ჯარიმებისა, დაპატიმრებების და ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენების მიუხედავად, პროტესტანტები ვერ დააშინეს და ხალხი მაინც გამოდის. არის შანსი, რომ წარმატება მიღწეულ იქნას, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მეტი შანსი იყოს, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო და დასავლეთის უფრო აქტიური ჩართვა, ვგულისხმობ “ოცნების” წევრთა დასანქცირებას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების ჩატარების ეშინია, რადგან მან გააყალბა და დაახლოებით 400 ათასამდე ხმა მოიპარა, რეალურად თუ არჩევნები ინიშნება, მაშინ აქ იქნება მოთხოვნა, რომ ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდა, “ქართულ ოცნებას” გამარჯვება გაუჭირდება და ხელისუფლების დათმობა მოუწევს. “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა ასოცირდება არა ქვეყნის მართვის სურვილთან, არამედ, შემოსავალთან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, სხვანაირი შანსი მათ არ გააჩნიათ, აქ მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას კი არა, საშუალო და ქვედა რგოლებსაც ვგულისხმობ”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
“ძლიერი საქართველო” აპირებს დაუღალავად და უკანასკნელ წუთამდე ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი და ნება აღასრულოს. ჩვენი მოსახლეობის 86%-ის ნება-სურვილია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს. დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ყველა ძალისხმევას გავიღებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანების ინტერესები დავიცვათ, ვინც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობაა და მივიღოთ ახალი არჩევნები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაზო დათუნაშვილი.
“საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. “საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - წელს 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა. ეუთო-ს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის”, - აღნიშნა ბოჟაძემ, რომლის აზრით, “ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე