,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია მოთმინების პირობებში" - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია ,,მოთმინებითა" და ,,თანმიმდევრული პოლიტიკით". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედთან” განაცხადა, 6 აპრილის ინტერვიუში.
,,მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთგზის წამოწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, რაც საჭიროდ გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზად იქნებოდა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაეყვანა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
ის ოსი ხალხისთვის 2008 წლის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც საუბრობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ,,დამოუკიდებლობის აღიარებაზე" უარის თქმას.
სიახლეები
- ,,დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში"- ირაკლი კობახიძე
- ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
- ,,თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა"- ანა ნაცვლიშვილი
- წითელას გავრცელების შედეგად ტეხასის შტატში ორი ბავშვი გარდაიცვალა