“ივანიშვილი დღეს აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა, საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების მძევალია და ვერ ხედავს ვითარებიდან გამოსავალს” - გია ხუხაშვილი

“ჩვენი ხელისუფლების ტაქტიკად იქცა საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებზე დასავლეთის რეაქცია გაასაღოს მტრულ ნაბიჯებად. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას თვითკრიტიკულობის ნასახი არ გააჩნია და მუდმივად ცდილობს იქით გადავიდეს შეტევაზე. თუ ასე გააგრძელეს, საბოლოო შედეგი იქნება სრული ბუნკერიზაცია და იზოლაცია იმ სამყაროსგან, რომლისკენ სწრაფვაც ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული.

ნაცვლად დიალოგისა და იმისა, აღიარონ თამაშის ის წესები, რასაც ცივილიზებული სამყარო გვთავაზობს, მუდმივად უცხადებენ, თქვენი საქმე არ არის ჩვენ აქ რას ვიზამთ - განუკითხაობა გვექნება, პოლიტპატიმრები გვეყოლება და თუ კანონმდებლობას მოვჭრით რუსულ თარგზეო? ცდილობენ ჩვენი დასავლური არჩევანი წარმოაჩინონ გეოგრაფიულ არჩევანად, არადა, სინამდვილეში ეს ფასეულობითი არჩევანია. ნებისმიერ სამყაროს, სადაც გინდა ინტეგრირება, თავისი თამაშის წესები აქვს. ხომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გაწევრება, ამიტომ არ ჩავწერეთ კონსტიტუციაში? ისინი კი არ გვექაჩებიან, ეს ჩვენ გვინდოდა...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ქართველებს ახლაც უცხო ძალა გვაპირისპირებს, მაგრამ...”

 

“ევროპელების პოზიცია ასეთია, მათთვის საქართველო საინტერესოა, მიიჩნევენ, რომ შეგვიძლია გავხდეთ მათი ნაწილი, მაგრამ, ბუნებრივია, მოითხოვენ ვაღიაროთ თამაშის გარკვეული წესები. ჩვენი ხელისუფლება კი თან ავტორიტარიზმს ამყარებს, თან 2030 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე ლაპარაკობს. ბუნებრივია, ისინი ამაზე რეაგირებენ, გვეუბნებიან, რომ ასე არ გამოვა. ის პირები, ვინც დაასანქცირეს, მიუღებელია მათთვის. ისინი სანქციებით ამბობენ, არ გვინდა ეს ადამიანები ჩვენს სამყაროში რაიმე ფორმით იყვნენ. ეს მათი სუვერენული უფლებაა, რა შუაშია ამ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე ლაპარაკი? ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახი ავიღოთ. თუ მივიჩნევთ, რომ კონკრეტული ადამიანი ცუდად იქცევა, უზრდელი და ავყიაა, ბუნებრივია, არ გვინდა ჩვენს სახლში შემოვიდეს. სანქცია ამას ნიშნავს, მეტს კი არაფერს. აქედან გამომდინარე, მის უკანონობაზე ლაპარაკი სრული აბსურდია. სამწუხაროდ, რომელიღაც ეტაპზე ეს პერსონალიების საზღვრებს გასცდება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გაცდენილიც არის. კონფრონტაცია დასავლეთსა და ამ ხელისუფლებას შორის სახელმწიფოს დაზიანების პროცესშია გადასული. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ პერსონალური სანქციები მხოლოდ ამ პირებს შეეხება, ასე არ არის. ეს გვეხება ყველა ჩვენგანს და, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დეგრადაციის პროცესის ანარეკლია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“საბედნიეროდ, ამას ჯერ შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია, მაგრამ გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც ხელისუფლება ატარებს, ბუნებრივია, საბოლოოდ კარგი არაფერი გველოდება. სახელმწიფოებრიობის სტერილიზაციამდე მიდის ყველაფერი, თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი პოლიტიკა და არ აღიარა ის თამაშის წესები, რაც დამახასიათებელია ევროპისთვის, ან არ შეიცვალა ეს ხელისუფლება. რადგან კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქვეყნის ევროპული არჩევანი, ამით ქვეყნის ძირითადი კანონით ვაღიარეთ ევროპული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი თამაშის წესები, ხელისუფლება კი ამბობს, სულ ფეხზე მკიდია, რა წერია კონსტიტუციაში, არ ვაღიარებ ამ თამაშის წესებსო. ფაქტობრივად, დღეს ვართ სახელმწიფო გადატრიალების ფაზაში, როდესაც ხელისუფლება თვითონ თელავს ფეხქვეშ კონსტიტუციას და მიდის სულ სხვა გზით. ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს კი არ აზიანებს, შიდა პოლიტიკასაც. ეს კონსტიტუციის ღალატის ტოლფასი ქმედებებია. ხელისუფლების გეზი და მიმართულება გასაგებია - ისინი აშენებენ ავტოკრატიულ სისტემას და ამით სულ უფრო და უფრო აშორებენ ქვეყანას ევროპული განვითარების გზას. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, უკვე ხიდების დაწვამდე მივდივართ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ამ ხელისუფლებას ვითარების შემობრუნების პოტენციალი თითქმის აღარ აქვს და რომ დაუბრუნდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ გზას, ამას სჭირდება ისეთი გადაულახავი ძალის ფორმირება, რომელიც მათ უკან დაახევინებს. ისინი ხომ მხოლოდ ძალას აღიარებენ, დიპლომატია, დიალოგი მათთვის არ არსებობს. ძალის ფორმირებისთვის მხოლოდ საგარეო ზეწოლა არ არის საკმარისი, ამისთვის უმნიშვნელოვანესია შიდაპოლიტიკური წნეხიც, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ძლიერია, ეს პროცესი დაქსაქსული და გაბნეულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოძრაობაა ბოლო თვეების განმავლობაში, ამას სჭირდება თავის მოყრა, რათა ამ ძალის ფორმირება მოხდეს, ეს კი პოლიტიკოსების საქმეა. თქვენ გინახავთ რომელიმე არმია, რომელმაც ომი სარდლის გარეშე მოიგო? ჩვენ სწორედ სარდლობის პრობლემა გვაქვს. წესით, სარდლობა, რომელიც მოახდენდა ამ ძალიან მასშტაბური საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაციას, უნდა იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მაგრამ დღეს არმიასა და სარდლობას შორის კომუნიკაცია არ არსებობს; არ არსებობს შემდგომი მოქმედებების ერთობლივი სტრატეგია და ტაქტიკა, შედეგად კი ასეთ სტაგნაციაში ვართ. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები თითქმის ვერაფერს აკეთებენ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ხელისუფლების მიზანია საპროტესტო მუხტი დაშალოს და სამზარეულოებში გამოკეტოს. საამისოდ მეთოდურად მუშაობენ, მეორე მხარეს კი ოპოზიცია თვითიზოლაციაშია მოქცეული, მათ შორის მე-5 პრეზიდენტიც კი ჯერ არსებითს ვერაფერს აკეთებს. 31 მარტის საპროტესტო აქცია გავიხსენოთ. საზოგადოება ელოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი რამე კონკრეტულს იტყოდა, თუმცა ისევ იგივე მოვისმინეთ, რომ სადღაც შეიკრიბებიან და რაღაცას გადაწყვეტენ. ბუნებრივია, ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ, როცა ხალხი ოპოზიციისგან მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკას ელის, ის ხალხს არ ეუბნება, რეალურად რა უნდა გაკეთდეს. დღეს პოლიტიკოსები კომენტატორებად იქცნენ. ამ ვითარებაში ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. თქვენ ევროპის საბჭოს რეზოლუცია და სანქციები ახსენეთ და ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ გადადის დასავლეთი უფრო მძიმე, სისტემური სანქციების პოლიტიკაზე? საქმე ის არის, დასავლეთიც აკვირდება ვითარებას. მათ ერთ დღეში შეუძლიათ ისეთი სანქციების დაწესება, რაც ამ სისტემას სტაბილურობას დაუკარგავს, მაგრამ აქ ხომ უნდა იყოს ძალა, რომელიც შეძლებს ამის გამოყენებას და ძალაუფლებისთვის რეალურ ბრძოლას. მათ ეშინიათ, რომ ეს ტყუილად გასროლილი არ აღმოჩნდეს. დასავლეთშიც ებადებათ ეს კითხვები, იქაც ფიქრობენ, კი, ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ვის შეუძლია ძალაუფლების ხელში აღებაო”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

“ის სისტემა, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, პირდაპირ არის რუსეთიდან დაკოპირებული. ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ასეთი ე.წ. რუსული სუვერენული დემოკრატია, როდესაც არსებობს ერთი დომინანტური პარტია და არსებობენ ფორმალური, ფასადური, ვითომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფსევდოდემოკრატიულ ფონს ქმნიან. პარლამენტში ამის ერთი ვერსია ვიხილეთ უკვე, როდესაც გათვალეს და თავისივე წიაღიდან გამოჩეკეს ვითომ ოპოზიციური პარტია, რაც სრული აბსურდია. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მომავალ არჩევნებზე ახალი ფსევდოოპოზიციური პარტიები შეიქმნას. თუმცა არა მგონია, ამ ეტაპზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს ხელისუფლება. მას დანიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი უკიდურესად გამწვავდა. თუ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მოახერხებენ, რომ ქვეყანაში არსებულმა პროტესტმა ისინი აღიაროს ლიდერებად და მოხერხდა ამ განწყობების კონსოლიდაცია, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას გაუჩნდება ძალიან დიდი პრობლემები”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ეს პრობლემები გამძაფრდეს, არის სისტემური რყევების რისკები, რაც არსებობს. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სისტემაში ყველანი მონები არიან. ე.წ. მეორე-მესამე რგოლში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და რაზეც დგას სისტემა, დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ამ ადამიანებსაც ის პრობლემა აქვთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე - ისინიც ვერ ხედავენ ზურგს მეორე მხრიდან, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ალტერნატივას. თუ პროცესი დაიძვრება, თუ მოხერხდება ქვეყანაში საპროტესტო განწყობის კონსოლიდირება, მერწმუნეთ, სისტემაში რყევები პირდაპირპროპორციულად გაძლიერდება”, - ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე - “წლის ტრაგიკული 9 აპრილის 36-ე აღნიშვნის ღონისძიებებზე. წელს პირველად მოხდა, რომ ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად და ცალ-ცალკე აღნიშნეს. საზოგადოების ნაწილის აზრით, უცნაური იყო ისიც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში მომხდარში დამნაშავედ მოხსენიებული იყო “უცხო ძალა” და არა საბჭოთა კავშირი ან რუსეთი...” - პასუხობს:

 

“იმდენად შორს მიდიან, ისეთი ბინძური და ბოროტი რიტორიკა აქვთ, არც იცი, რა უნდა უპასუხო, თუმცა ესეც საზოგადოების დათრგუნვაზეა გათვლილი... სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს, სრულიად არის ჩამოშორებული ქვეყანაში პოლიტიკის წარმოების სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვას და პირდაპირ ეფ-ეს-ბეს ბრიგადები მუშაობენ. პირდაპირ ერთი-ერთში მეორდება ის ისტორია, რაც ხდებოდა რუსეთში, თან შემჭიდროებულ ვადებში - კანონმდებლობის შეცვლა, რიტორიკა, რომ რუსეთის ცუდ კონტექსტში ხსენება არ შეიძლება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთის იმპერია არც უხსენებია ხელისუფლებას. 9 აპრილს მშვიდობიანი პროტესტანტების სასტიკად დამრბევი “უცხო ძალა” გაათანაბრეს დასავლეთთან, ანუ ოკუპანტი ქვეყანა გაათანაბრეს ცივილიზებულ სამყაროსთან. ესეც კაგებეშნიკური რიტორიკის ნაწილია”.

“რაც კობახიძემ თქვა, მეც ვიზიარებ. დიახ, მაშინაც უცხო ძალა იდგა რუსთაველზე და ახლაც უცხო ძალა აპირისპირებს ქართველებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც ეს უცხო ძალა რუსეთია. ამ რიტორიკით კონსტიტუციასაც არღვევენ. თან გვეუბნებიან. 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, კი, მაგრამ, თუ ასეთი მამაძაღლები არიან ეს ევროპელები და სულ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებას ფიქრობენ, როგორც ესენი აბრალებენ, აბა, სად მიჰყავთ ეს ქვეყანა 2030 წლისთვის? ფაქტია, დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრიმინალური აზროვნების დაჯგუფება, თუმცა შავ სამყაროსაც აქვს თავისი წესები, აი, ამათთვის კი წითელი ხაზები აღარ არსებობს, ერთადერთი ფასეულობა მათთვის ძალაუფლებაა. ჩემი შეფასებით, კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე. დღეს ის აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა. ის დიდი ხანია უკვე საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების პატიმარი და მძევალია, მათ შორის სიკვდილის შიშის და ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს. რა თქმა უნდა, ამათგან განსხვავებით უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ დღეს არის ძალიან არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში. ეს ის ადამიანი აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი, საღი აზრი დაკარგული აქვს და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 352 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.