"ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე

ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ცესკო-ს ღია წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეას გაეგზავნა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან.

„არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ისინი ჯერ ხალხს არწმუნებდნენ, რომ გაიმარჯვეს და შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. არჩევნებში მხოლოდ რადიკალები კი არა, ის ევროპელი ბიუროკრატებიც დამარცხდნენ, რომლებიც ქვეყანას ებრძვიან. ეს ადამიანები აგრძელებენ დისკრედიტაციას, ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები თითქოს გაყალბდა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა მსგავსი ფაქტი, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მასში ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძის თქმით, ისინი მითითებებს ქვეყნის გარედან, თავიანთი პატრონებისგან ელოდებიან.

„არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის იყენებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს გაატარებს. 

„ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობა იყოს, რადიკალური დაჯგუფებები გამოაღვიძონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ. უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხს იყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად. შემდეგ – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხს, ახლა კი – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება-არ გაუქმების საკითხს. მერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ. დარწმუნებული ვარ,  ყველა ქართველი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ამაყობს იმით, რომ დღეს ვერავინ ბედავს, ხელისუფლებას მბრძანებლური ტონით მითითებები მისცეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

წაკითხვა 186 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.