"ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
ქალ აქტივისტებზე თავდასხმა ყველაზე სასტიკი ფორმებით არის იმის გამოხატულება, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვს, რაც მათ უკან მოუბრუნდებათ და ქვეყანა შეიძლება უმართავი გახდეს.
„ეს არის იმის ნიშანი, რომ მათ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვთ. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ისინი დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა. ეს შეიძლება მათ უკან მოუბრუნდეთ და ქვეყანა უმართავი გახდეს. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის „გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ რეაქციები, როდესაც არის პირდაპირი მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ“.
„გამაოგნებელია მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი იდგა წითელ მოედანზე. თურმე შეიცვალა გვარი და დღეს რომანოვია, როდესაც გუშინ იყო ფარცხალაძე. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით, უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს, როცა არის მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, ერიდებიან პასუხისმგებლობას.
ფარცხალაძის ყოფნა რუსეთში ნიშნავს, რომ მასთან ერთად რუსეთში გადავიდა ძალიან დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ამაზე ყველა უნდა ფიქრობდეს დღეს, განსაკუთრებით კი უწყებები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
