"იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე" - „წინააღმდეგობის პლატფორმა“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაეჭირათ პოლიტიკური ლიდერები.

ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პროცესებს პოლიტიკურს უწოდებს და ნიშანს იმისა, რომ იწყება თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე.

„დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე „ქართული ოცნებისთვის“. ის, რაც მოაწყვეს: პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, არავის შეშვება, სხდომის პატარა დარბაზში გადატანა, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს იმისთვის, რომ ბოლოს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ზურა ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო. ამას სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის ერთი მხარე. მეორე მხრივ გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, მოღვაწეები, რომლებიც დღეს ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, შემდეგი ეტაპი არის ეს პოლიტიკურ ლიდერებს შეეხოს. საგამოძიებო კომისია ამ ყველაფრისთვის იყო შექმნილი, არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაული, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ ციხეში დაინახონ. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, არ იციან რეპრესიები სანამდე და საითკენ წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გვჭირდება გამძლეობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია - განაჩენი გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.