May 24, 2025

მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები

“26 მაისის წინ პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იზრდება - ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რადიკალურ ქმედებებს აანონსებს, ხელისუფლებაში კი კანონის ძალით პასუხის გაცემაზე საუბრობენ. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგეგმილი პროვოკაციები გაანეიტრალონ.

მისი თქმით, "ასეთი ბინძური პროვოკაციები დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა", "გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ...”, ხოლო “აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ვერასდროს გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში”. პრემიერი ირაკლი კობახიძეც გამოეხაურა 26 მაისის საკითხს და განაცხადა, რომ ოპოზიციაში ელემენტარული რესურსიც კი არ აქვთ. მისი თქმით, “საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება”, - “წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცონერები, ამჯერადაც ფუჭ მოლოდინებს ქმნიან და ფიქრობს, რომ 26 მაისსაც კიდევ ერთხელ ვიხილავთ ოპოზიციონერების იმედგაცრუებული მხარდამჭერების სახეებს. პროცესები კი ისე განვითარდება, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. “ბოლო პერიოდში სამწუხარო განცხადებები შეიმჩნევა რადიკალური ფრთის ცალკეული წარმომადგენლებისგან, რომლებიც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას აანონსებენ. შესაბამისად, ეს ჯდება უკანონობის სიბრტყეში. როცა უკანონობაა, მას კანონიერ პასუხიც გაეცემა სამართალდამცავების მხრიდან. 26 მაისის შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ე.წ. დეჟა ვიუ. მანამდეც, შარშანაც, კიდევ უფრო ადრე, ოპოზიცია აანონსებდა გადამწყვეტ დღესა და მომენტებს, რომლებიც ემთხვეოდა ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს, თუმცა შედეგი ნულოვანი იყო. ამჯერადაც, როცა 26 მაისს თვითმარქვია პრეზიდენტი ვიღაც თვითმარქვია გენერლების მეშვეობით ჩაიბარებს აღლუმს, ზუსტად იგივე განმეორდება”, - ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით, “იქნება რადიკალი ოპოზიციონერების ჭარბი მოლოდინები, თუმცა რეალობა სულ სხვა გამოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვფიქრობ, ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააცნობიერა ის, რომ უკანონო ქმედებები სახელმწიფოს წინაშე დასჯადია და გადახედვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრში შეგნება მაღალია, პასუხისმგებლობა მაღალია და არ დაუშვებენ ცალკეულ რადიკალთა გამოხტომებს, რომ მოხდეს ექსტრემისტული ქმედებები. ასე რომ, რაღაცის დაანონსება და ოპოზიციონერი ლიდერების მიმდევრების კვლავ გააქტიურება ფუჭი იქნება და კვლავ იმედგაცრუება ექნებათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფსევდოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ენდობა. ის, თავისი პოლიტიკური უხერხემლობით ვერაფერს ახალს შესთავაზებს საზოგადოებას - იქნება მოწოდებები, გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ საბოლოო ჯამში პროცესი იქამდე მივა, რომ მოუწევს ე.წ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ რამდენიმე (თუ არა ყველა) ოპოზიციურ პარტიას, რომ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა - გასინჯონ თავიანთი პოლიტიკური მაჯის ცემა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი საუბრობს 26 მაისის მნიშვნელობაზე და არ გამორიცხავს, რომ ამ დღემ შესაძლოა დიდი გარდატეხა მოახდინოს პროტესტზე. “მე მგონია, რომ იქნება ხალხის შეკრება და შემდეგ მოხდება მათი გაერთიანება. ამ დღემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს პროტესტზე. გვახსოვს, რომ 31 მარტს უამრავი ხალხი შეიკრიბა, თუმცა არ იყო ზურაბიშვილის მხრიდან გამოკვეთილი პოზიცია. იყო დაპირისპირებაც - გვახსოვს სააკაშვილის პლაკატზე მომხდარი ინციდენტი, ამიტომაც მთლად წარმატებული არ იყო ის აქცია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ახლა უფრო კოორდინირებულ ქმედებები მივიღოთ. 26-ის შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს რაღაც სხვა შედეგი - სხვანაირი პოლიტიკა წარიმართოს და მდგომარეობა გამოკეთდეს” - თქვა ჩიტაძემ. ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში კი განაცხადა, რომ 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრეა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩნენ ქართველი ხალხის პირისპირ”, - აღნიშნა გედევან ფოფზაძემ, რომლის მტკიცებით, ბევრია, ვინც განწყობილია “სიკვდილისთვისაც, ციხისთვისაც, თავდადებისთვისაც”, ყველაფრის ორგანიზება კი 26 მაისს შეიძლება. “ჩვენ თუ ბევრი ვართ, ვიკრიბებით, გაბრაზებულები ვართ და ვიცით, რა გვინდა იქ. აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება ამ დღეს, 26 მაისს და მიმაჩნია, რომ არ არის გადასადები. სხვას ვერ მოვუწოდებ მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არავის ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, წაგვართვას სამშობლო და მომავალი. მათ ეს უნდა ესმოდეთ, ჩვენ უკან დამხევი ხალხი არ ვართ. ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვისაც, თავდადებისთვისაც” - განაცხადა ფოფხაძემ, რომლის თქმით, “ძალიან ბევრი ვართ ასეთი, ვინც ყველაფერზე წავალთ, ოღონდ საქართველოს მომავალი გადავარჩინოთ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 55 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.