საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს – „დიასპორა სამშობლოსათვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება” დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დიასპორის დღე მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლის ძალისხმევაც მიმართულია დიასპორის ახალ თაობაში ეროვნული იდენტობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისკენ, ასევე საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისაკენ.
„თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს ელჩები, რომელთაც ქვეყნის სახელი გაგაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – გამუდმებით ზრუნავთ საქართველოს ცნობადობის ამაღლების,მისი ისტორიის, მიღწევებისა და ფასეულობების პოპულარიზაციისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოსაჩენად.
"მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენელი 18 წელი და ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვარგარეთ ცხოვრება, როდესაც გყავს ოჯახი, შვილები, რომლებიც განსხვავებულ ენაზე სწავლობენ. განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდები აზიარო ჩვენს ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, მაგრამ მდიდარი ერი ვართ და შეგვწევს ამის ძალა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა საზღვარგარეთ არსებულ მართლმადიდებელ ეპარქიებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უცხოეთში დაფუძნებული ეკლესიები ქართული ემიგრაციის გაერთიანების ადგილად იქცა.
დასასრულს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლისათვის, სხვადასხვა პროცესში, დიასპორის მაქსიმალურად ინტეგრირების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამუშაო პროცესებში თავადაც აქტიურად ჩაერთვება.
საზეიმო ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს