"ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში სამართალდამცველებს მოუწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო.
,,შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.
ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან საქართველოს პარლამენტის სახელით, პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.
ამ დღეს, მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს,ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ, და ყოველ დღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
